სამოქალაქო აქტივისტები: "ახალგაზრდებზე აღმართულ ხელს არ დავივიწყებთ. ხვალაც გავაპროტესტებთ ოკუპაციას და რუსულ ხელისუფლებას"
19/06/2020 15:22:59 საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტები გავრილოვის ღამიდან ერთი წლისთავისადმი მიძღვნილ საპროტესტო აქციის გასამართად ემზადებიან. მათი თქმით, "ახალგაზრდებზე აღმართულ ხელს არ დაივიწყებენ".
"ჩვენ გვახსოვს ყველაფერი, რაც ერთი წლის წინ მოხდა. არ დავივიწყებთ ახალგაზრდებზე აღმართულ ხელს. ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს, რომ ქართველ ხალხს რა ტკივილსაც აყენებენ, ის ტკივილი მარტივად არ ავიწყდება", - განაცხადა მოძრაობა "გაბედეს" აქტივისმა ბექა ნათელაშვილმა.
მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტი ნიკა ფარულავა აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეები რუსული ოკუპაციის გაპროტესტებას, ყველა რეკომენდაციის დაცვით აპირებენ, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გასცემს:
"ხვალაც გავაპროტესტებთ ოკუპაციას და რუსულ ხელისუფლებას. აქციაზე ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული, რათა შემდგომ ამ აქციის დისკრედიტაცია არ მოხდეს".
სამოქალაქო აქტივისტები ხვალ შეკრებას 19:00 საათიდან დაიწყებენ და მათ პოლიტიკოსთა ნაწილიც შეუერთდება.
ცნობისთვის: 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა რუსი დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქცია მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.
ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის არიან: 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია), შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 28 პირს, მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს. ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა. ისინი დაზარალებულებად თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს.
საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და იმჟამინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა იყო.
3 სექტემბერს „ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.


