რუხის კლინიკაში მიიჩნევენ, რომ პაციენტს, რომელიც დაკრძალვაზე იმყოფებოდა, COVID–19 უკვე გადატანილი აქვს
18/06/2020 07:45:15 საზოგადოება
ზუგდიდში დაფიქსირებულ COVID–19–ის ახალ შემთხვევასთან დაკავშირებით განმარტება რუხის მულტიფუნქციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ქარცივაძემ ჟურნალისტებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა.
„მისი პრეისტორია ასე გამოიყურება: რამდენიმე დღის წინ ამ პირის მიერ იყო რუსეთის საზღვრის კვეთა. განისაზღვრა საკარანტინო ზონაში პისიარი, სადაც იყო უარყოფითი შედეგი. შემდეგ მას ჰქონდა ვიზიტი ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ზუგდიდში. აქ, ადგილზე ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ ჩატარდა ანტისხეულებისა და ანტიგენების სწრაფი ტესტი, ანტისხეულების პასუხები მივიღეთ დადებითი და ის ჩვენს კლინიკაში მოთავსდა. გადამოწმდა პისიარი, რომელზეც მიღებულია სუსტად დადებითი პასუხი“, – აღნიშნა ნიკოლოზ ქარცივაძემ.
მისივე თქმით, კლინიკაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ პაციენტს კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს.
„ვფიქრობ, რომ პანიკის საფუძველი არ არის, რადგან ჯერჯერობით მიმდინარეობს ამ პაციენტის ღრმა კვლევა. ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი სისხლის ნიმუში. დღეს საღამოს გახდება ცნობილი ანტისხეულების შესახებ უფრო ამომწურავი ინფორმაცია. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პაციენტს აქვს გადატანილი ეს ინფექცია და ამჟამად ის სუსტად დადებითი პასუხი შეიძლება, იყოს ამ ფაზისთვის დამახასიათებელი, თუმცა დაველოდოთ შედეგებს “, – აცხადებს ნიკოლოზ ქარცივაძე.


