"9 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია"
17/06/2020 07:20:38 საზოგადოება
9 ახალი პაციენტიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ აცნობა.
“ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს. 9 ახალი შემთხვევიდან 2 არის დაავადებულთან კონტაქტი, 6 არის საკარანტინო სივრციდან, ყველა შემოტანილი შემთხვევაა და 6-დან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, მხოლოდ 1 შემთხვევაა, რომლის წყაროს მოძიება გრძელდება. 2 ახალი შემთხვევა მკურნალობს ჩვენთან, ორივეს მდგომაროება რუტინული კვლევებით და არსებული მონაცემებით, ჯერჯერობით, საშუალო სიმძიმისაა. ჩვენ 1 მძიმე პაციენტი გვყავს, რომლის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, მაგრამ მძიმე პნევმონია გვრჩება, ამიტომ როგორც მძიმე პაციენტს, ისე განვიხილავთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, კლინიკაში მყოფი ერთი მძიმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა:
"გვყავს ისევ ერთი მძიმე პაციენტი, რომლის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, მაგრამ მძიმე პნევმონია მაინც გვრჩება. ამიტომ, როგორც მძიმე პაციენტს, ისე განვიხილავთ".
საქართველოში კორონავირუსი 888 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 731 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.


