ჯანდაცვის სამინისტრო: STOP COVID-ის აპლიკაციით 10 ინფიცირებული პირის იდენტიფიცირება მოხდა
16/06/2020 13:04:15 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკაციით, რომელიც მათი დავალებით შეიქმნა 10 ინფიცირებული პირის იდენტიფიცირება მოხდა. მათგან ბოლო შემთხვევა კი 7 ივნისს დადასტურდა.
"აპლიკაცია მომხმარებლებს შორის ინტერაქციის შესახებ ინფორმაციას, დაშიფრული სახით, ორივე მომხმარებლის მობილურ ტელეფონში ინახავს და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პირს ვირუსი დაუდასტურდება მის სარისკო კონტაქტებს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეგზავნებათ. „თქვენ კონტაქტი გქონდათ COVID-19-ის მქონე პირთან, გთხოვთ მოექცეთ თვითიზოლაციაში და სასწრაფოდ დაუკავშირდეთ შესაბამის უწყებას“ - ამ ტიპის შეტყობინებას იღებენ აპლიკაციის მეშვეობით ის პირები, რომლებსაც ინფიცირებულ პირთან კონტაქტი 15 წუთზე დიდხანს და 2 მეტრზე ნაკლები დისტანციის დაცვით ქონდათ", - ვკითხულობთ პრესრელიზში.
უწყების ინფორმაციით, აპლიკაცია 203 684 ადამიანს აქვს გადმოწერილი, აქედან 61% ანდროიდის, ხოლო 39% iOS-ის მომხმარებელია. დღეს, 16 ივნისს "ინტერპრესნიუსმა" აპლიკაციის დამზადების ხარჯის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. მედიასაშუალების ინფორმაციით, ამისთვის 412 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.


