"9-15 ახალი შემთხვევა პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა სიფრთხილე გვმართებს"
15/06/2020 08:46:42 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის შემთხვევათა ის რაოდენობა, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში ფიქსირდება, მოულოდნელი არ ყოფილა.
მისი თქმით, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ეკონომიკა იხსნება და მობილობაც იზრდება, შემთხვევების ზრდა ბუნებრივია. გამყრელიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა სიფრთხილე გამოიჩინონ:
„ის, რაც ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ხდება, როდესაც ჩვენ გვაქვს 9, 11, 13, 14, 15 შემთხვევა ყოველდღიურად, ეს პრინციპში პროგნოზირებადი იყო, ეს არ არის მოულოდნელობა. პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მოგეხსენებათ, ეკონომიკა იხსნება, მეტი მობილობაა და ეს ასე უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ეს არ არის არც პანიკის, არც რაღაც შეშფოთების საფუძველი, თუმცა სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს. ეს ყველაფერი მართვადია, ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კონტროლირებადია და ამ ტიპის სვლით ჩვენ არაფერი პრობლემა არ შეგვექმნება. ჯანდაცვის სისტემა მართავს ამ ინფიცირებულებს“.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 879-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 704 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


