Accentnews.ge
შეზღუდვები, რომელიც 15 ივნისიდან იხსნება

შეზღუდვები, რომელიც 15 ივნისიდან იხსნება

15/06/2020 05:27:24 საზოგადოება

საქართველო პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობს.

  • დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება. ქვეყნის მასშტაბით სასტუმროები და დასასვენებელი კომპლექსები სტუმრებს მიიღებენ, თუმცა, მათ დადგენილი წესების შესრულება მოუწევთ.
  • დაცული ტერიტორიები დამთვალიერებლებისთვის იხსნება.

დაცული ტერიტორიების მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნიკო თევდორაშვილი აცხადებს, რომ ობიექტები აღჭურვილია პრევენციისთვის გათვალისწინებული საშუალებებით და ვიზიტორებს რეგულაციების შესრულებისკენ მოუწოდებს:

"მოგზაურობისას გავითვალისწინოთ COVID 19-ის პრევენციისთვის დადგენილი რეკომენდაციები, რომელიც გულისხმობს დახურულ სივრცეებში და მღვიმეებში პირბადით გადაადგილებას, დისტანციის დაცვას. ასევე, ვიზიტორთა ცენტრები და ობიექტები აღჭურვილია პრევენციისთვის გათვალისწინებული საშუალებებით. ამიტომ, ხშირად გამოვიყენოთ მადეზინფიცირებელი საშუალებები, დავიბანოთ ხელი".

  • სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა.

ჯერ–ჯერობით მიმოსვლას მხოლოდ დღის ჩქაროსნული მატარებელი ახორციელებს. მგზავრებს მატარებელში ასვლამდე უტარდებათ თერმოსკრინინგი, ხოლო ვაგონში შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები სადეზინფექციო ხსნარით უნდა დაიმუშაონ.გარდა ამისა, მგზავრები ვაგონებში პირბადეების გარეშე არ დაიშვებიან. ვაგონში მგზავრებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია. პირბადის მოხსნა მგზავრობის პერიოდშიც დაუშვებელია. მატარებლებში მუშაობს კონდინცირების სისტემაც.

მოძრაობა ამ დროისთვის ხუთი მიმართულებითაა შესაძლებელი - თბილისი-ქუთაისი, თბილისი-ფოთი, თბილისი-ოზურგეთი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ბათუმი.

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ეპიდვითარება სტაბილური იქნება, 1 ივლისიდან საქართველო საზღვრებს უცხოელი ტურისტებისთვისაც გახსნის.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 864-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 703 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S