ამირან გამყრელიძე:"კლასიკურ მეორე ტალღას შემოდგომაზე ველოდებით, როდესაც აცივდება"
14/06/2020 16:40:58 საზოგადოება
კლასიკურ მეორე ტალღას სპეციალისტები შემოდგომაზე ელოდებიან, როდესაც აცივდება,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, დღევანდელი ეპიდსიტუაცია არ არის საგანგაშო და პანიკის საფუძველს არ იძლევა, თუმცა საყურადღებოა და გვაძლევს სიგნალს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები დავიცვათ.
გამყრელიძე ამბობს, რომ ბოლო სამი-ოთხი დღის ციფრები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ შემზღუდავ ღონისძიებებს დავუბრუნდეთ.
ცნობისთვის, 14 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 864 გახდა. აქტიური შემთხვევების რიცხვი კი 161-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა და 703-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი.
ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


