"ვერ გეტყვით, ჯარიმები რამდენად იმოქმედებს, თუმცა ყველას ეგონა, ქართველი ღვედს არასოდეს გაიკეთებდა"
12/06/2020 19:33:59 საზოგადოება
„ვერ გეტყვით, საჯარიმო სანქციები რამდენად იმოქმედებს, თუმცა, ხომ გახსოვთ, ყველას ეგონა, რომ ქართველი ღვედს არასოდეს გაიკეთებდა, მაგრამ ჯარიმებმა ყველას გააკეთებინა“,– ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი ციფრები ძალიან საგანგაშო არ არის, თუმცა საყურადღებოა.
„ვერ ვიტყოდი, რომ დღევანდელი ციფრები ძალიან საგანგაშოა, თუმცა ძალიან საყურადღებოა. ჩვენ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები, რაც არის უმარტივესი - ნიღაბი დახურულ სივრცეში, მაქსიმალური ფიზიკური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება. გამოსავალი არ გვაქვს, ან წესებს დავემორჩილებით, ან გვექნება კორონა და მერე დავივიწყოთ ტურიზმიც, ეკონომიკის განვითარებაც და ყველაფერი", - განაცხადა იმნაძემ.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 843 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 697 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.


