კვლევა – Covid-19-ს შეუძლია, მაქსიმუმ, 3 დღეში მთელი საავადმყოფო დააინფიციროს
12/06/2020 12:19:59 საზოგადოება
მსოფლიოში Covid-19–ით არაერთი მედიკოსი დაინფიცირდა და რიგ შემთხვევაში ფატალური შედეგიც კი დადგა. მიუხედავად იმისა, რომ არსად ისეთ მკაცრ დონეზე არ არის დაცული რეკომენდაციები, როგორც –საავადმყოფოებში, მედპერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი ზოგიერთ ქვეყანაში საკმაოდ მაღალია. როგორც მეცნიერები აცხადებენ, ჰიგიენის ნორმების არასათანადოდ დაცულობის გამო Covid-19 შეუძლია, საავადმყოფოს მთელი ტერიტორია სწრაფად მოიცვას.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერების მიერ ჩატარებული უკანასკნელი კვლევის შედეგების თანახმად, ახალ კორონავირუსს შეუძლია, მაქსიმუმ, 3 დღეში მთელი კლინიკა დააინფიციროს.
ცდის დროს მკვლევარებმა საავადმყოფოს იზოლირებულ ოთახში მდებარე ერთ–ერთი საწოლის სახელურს აპკურეს წყალი, რომელიც ისეთ დნმ–ს შეიცავდა, რომელიც მცენარეებს აინფიცირებს.
ცდის ჩატარებიდან 5 დღეში ტესტის ნიმუშები აიღეს საავადმყოფოს 44 სხვადასხვა ადგილიდან და შედეგების მიხედვით, 3 დღეში ინფიცირებული დნმ შენობის 86%–ში იყო გავრცელებული.
„ძირითადად ადამიანები Covid-19–ით ინფიცირდებიან ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტით, მათ შორის როდესაც ეს უკანასკნელი ახველებს ან აცემინებს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ Covid-19–ის ნაწილაკები სხვადასხვა ზედაპირზე გარკვეული დროით რჩება და ადამიანი შეიძლება, დაინფიცირდეს, თუ ასეთ ზედაპირს შეეხება და შემდეგ ხელს თვალთან, პირთან, ცხვირთან მიიტანს. ჩვენი კვლევის შედეგები, ერთგვარი შემახსენებელი ფაქტორია სამედიცინო სფეროში დასაქმებულთათვის, რათა მაქსიმალურად დაიცვან, ჰიგიენის ზომები, სათანადოდ დაიმუშავონ ხელები, გაწმინდონ საგნების ზედაპირები, გამოიყენონ სპეცტანსაცმელი და არ მოადუნონ ყურადღება“, – აცხადებს კვლევის ერთ–ერთი თანაავტორი ელაინ კლაუტმან–გრინი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში Covid-19–ით ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა დაახლოებით 100–ს შეადგენს. დაავადებამ ქვეყანაში 1 მედიკოსი იმსხვერპლა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 423 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 599 000–ს გადააჭარბა, 3 844 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 843-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 697 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.
წყარო: bestlifeonline


