გამყრელიძე: „გუშინდელი ოთხი შემთხვევა გარკვეულად შემაშფოთებელია“
11/06/2020 10:07:20 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ცნობით, ახალ ოთხ პაციენტს პირველადი კონტაქტების საკმაოდ დიდი რაოდენობა უფიქსირდება.
მისივე თქმით, გუშინდელი 4 შემთხვევა, რომელთა პირველადი წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა, იმის არაპირდაპირი ნიშანია, რომ ქვეყანაში ინფექცია ცირკულირებს.
„გუშინ დაგვიფიქსირდა სულ 6 ახალი შემთხვევა. ერთი გახლავთ კარანტინიდან ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქე, რომელიც შემოვიდა ლარსის საზღვრიდან. კარანტინში განუვითარდა სიმპტომები და დაუდგინდა კოვიდი. დანარჩენმა ხუთმა შემთხვევამ გარკვეულად შეგვაშფოთა, რადგან პირველად წყაროზე ვერ გავდიოდით. ამ 5-დან ერთის წყარო გარკვეულწილად დადგენილია. დანარჩენ 4-ზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევები და აღებულია საკმაოდ დიდი რაოდენობა მათი პირველადი კონტაქტების. ასევე მიმდინარეობს მეორეული, მესამედი კონტაქტების ძიება, მათი ნიმუშების აღება და ტესტირება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ 4 შემთხვევის პირველად წყაროზეც გავალთ და მოხდება ამ კლასტერების დახურვა უახლოეს მომავალში.
გუშინდელი 4 შემთხვევა გარკვეულად შემაშფოთებელია. ეს არ გახლავთ ის რაოდენობა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა ადვილად ვერ მართავს, მაგრამ ეს არაპირდაპირი ნიშანია, რომ ქვეყანაში ინფექცია ცირკულირებს და თუ ჩვენ არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შემუშავებული, მაშინ შესაძლებელია გარკვეული რისკების წინაშე დავდგეთ, ნუ შეგვექმნება ილუზია, რომ „კოვიდ 19“ უკვე დავამარცხეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


