1 ივლისიდან პენსია გაიზრდება
11/06/2020 07:38:41 საზოგადოება
პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერები პენსიის სახით 250 ლარს მიიღებენ, ხოლო მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პენსიონერები – 300 ლარს.
„2020 წლის ანტიკრიზისულ ბიუჯეტში გადაზღვეულია როგორც ქვეყანაში შესაძლო ინფიცირების მეორე ტალღა, ასევე ყველა ის სოციალური რისკი, რომელიც წლის ბოლომდე შეიძლება, შეგვხვდეს. ამ ბიუჯეტის პარამეტრებით შევინარჩუნეთ პენსიების ზრდის ის გეგმა, რომელიც წლის დასაწყისიდან გვქონდა გამოცხადებული: 70 წელს ზემოთ ჩვენს პენსიონერებს 1 ივლისიდან დამატებით გაეზრდებათ პენსია 30 ლარით და მათი პენსია მიაღწევს 250 ლარს. გარდა ამისა, მაღალმთიან სოფლად მცხოვრები ჩვენი პენსიონერები კიდევ უფრო მეტ პენსიას მიიღებენ და მათი საპენსიო სარგებელი იქნება 300 ლარი.
გარდა ამისა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჩვენ წელს მოვახერხეთ და ჩავდეთ დაზღვევის ის მექანიზმები, რომლებიც გარანტირებულებად ჩვენს პენსიონერებს აძლევს შესაძლებლობას, რომ პენსია გაიზარდოს. ეს ზრდა დაკავშირებული იქნება როგორც ინფლაციასთან, ასევე 70 წელს ზევით პენსიონერებისთვის ეკონომიკური ზრდის 80%-ის მაჩვენებელთან. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ დაფიქსირებულია ქვედა ჩამკეტები, ნებისმიერი ეკონომიკრი ზრდის ან ინფლაციის პირობებშიც, თითოეული ჩვენი 70 წლამდე პენსიონერი გარანტირებულად მიიღებს 20 ლარს ყოველწლიურად, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარს. ეს არის ის მუნიმუმი, რომელიც ქვეყანას შეუძლია პენსიონერებს შესთავაზოს. გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის და ყველამ უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ ყოველწლიურად კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი პენსიონერების მდგომარეობა“,-განაცხადა გახარიამ მთავრობის სხომაზე.


