"თეგეტა მოტორსი": "ჩვენი ცენტრალური ოფისის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა"
10/06/2020 17:20:26 საზოგადოება
"თეგეტა მოტორსის" ცენტრალური ოფისის თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"თეგეტა მოტორსი“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა. ჩვენ ვადასტურებთ, რომ კომპანიის ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი (COVID-19). აღნიშნული თანამშრომელი უკვე ერთი კვირაა რაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგანაც როგორც ჩვენთვის ცნობილია, მას შესაძლო კონტაქტი ჰქონდა საბურთალოს კლასტერთან. აღნიშნული თანამშრომელს შეხება არ ჰქონდა მომხმარებელთან. ის საოფისე საქმიანობას ასრულებდა და ცენტრალურ ოფისში მუშაობდა.იდენტიფიცირებულია მისი ყველა კონტაქტი და ისინი გადაყვანილია იზოლაციაში. ამავდროულად ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა სწრაფი ტესტი.
კომპანიაში ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშოები. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე „თეგეტა მოტორსის“ თანამშრომლებს 5-ჯერ ჩაუტარდათ ტესტი.
თეგეტა მოტორსი ვირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით სრულად იცავს საქართველოს მთავრობის, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს.
კომპანიის თანამშრომლები სრულად არიან უზრუნველყოფილი ვირუსის გავრცელებისა და გადადებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო სივრცეების სადეზინფექციო სამუშაოები", – ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 827-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 690 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 413 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 321 000–ს გადააჭარბა, 3 606 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.


