Accentnews.ge
"ჩვენი საზოგადოება სრულ თავისუფლებაზე გადაერთო, შევირგოთ, რასაც მივაღწიეთ და ზედმეტად ნუ ავიწყვეტთ"

"ჩვენი საზოგადოება სრულ თავისუფლებაზე გადაერთო, შევირგოთ, რასაც მივაღწიეთ და ზედმეტად ნუ ავიწყვეტთ"

10/06/2020 16:51:43 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მოუწოდებს, შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად რეკომენდაციები დაიცვან.

მისივე თქმით, საქართველოში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, მაგრამ მსოფლიოში უარესდება, ამიტომ მოსახლეობამ ყურადღება არ უნდა მოადუნოს და რეკომენდაციების დაცვა უნდა გააგრძელოს.

„ასე თუ ისე მშვიდობიანი ფაზა გვაქვს საქართველოში, ძალიან დასტაბილურდა სიტუაცია, ამჟამად კლინიკებში 130 კაცზე მეტი არ არის. ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა ერთნიშნა ციფრის ფარგლებში მერყევობს, თუ გამონაკლისებს არ ჩავთვლით. თუმცა, ასე არ არის მსოფლიოში. ორი დღის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა გამართა ბრიფინგი და თქვა, რომ პირიქით, გლობალურად ეპიდსიტუაცია უარსდებაო. გლობალურად არ მცირდება ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა, მცირდება ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც პიკმა გადაიარა... რაღაც ძალიან ჩქარა დამშვიდდა ქართული საზოგადოება და ძალიან სწრაფად გადაერთო შეზღუდვებიდან სრულ თავისუფლებაზე. მოდით, შევირგოთ და მეორე უკიდურესობაში ნუ გადავვარდებით. შეზღუდვების რაღაც ნაწილი თვითშეგნების ხარჯზე შევინარჩუნოთ და ზედმეტად ნუ ავიწყვეტთ. თუ აქამდე ვერიდებოდით ხალხმრავალ შეკრებებს, ახლა ყოველდღე ნუ გავმართავთ ასეთ შეკრებებს. უცებ ნუ მივატოვებთ ნიღბის ტარებას, იგივე სოციალურ დისტანცირებას და სხვა“,- აღნიშნა ცერცვაძემ.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 827-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 690 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 413 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 321 000–ს გადააჭარბა, 3 606 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S