კვლევა – პირბადეების ფართო გამოყენებას Covid-19-ის II ტალღის თავიდან აცილება შეუძლია
10/06/2020 15:18:48 საზოგადოება
მოქალაქეების მიერ პირბადეების ფართო გამოყენებას შეუძლია, COVID-19-ის გავრცელება კონტროლირებად დონეზე ჩამოიყვანოს და კარანტინის რეჟიმთან ერთად პანდემიის მოსალოდნელი ტალღების თავიდან აცილებაც შეძლოს, – ამის შესახებ ბრიტანეთის კემბრიჯის და გრინვიჩის უნივერსიტეტების მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის შედეგების თანახმად, პირბადე, თუნდაც სახლში დამზადებული, ვირუსის გადაცემის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს, თუ საჯარო სივრცეში მათ ადამიანთა საკმარისი რაოდენობა ატარებს.
მკვლევარების თქმით, თუ მოსახლეობის 50 ან 50%–ზე მეტი პირბადეს საჯარო სივრცეში მუდმივად ატარებს, ვირუსის გავრცელების დონე მნიშვნელოვნად დაიწევს, ხოლო მოსალოდნელი კარანტინი ნაკლებად მკაცრი იქნება.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სოციალური დისტანციის, კარანტინის რეჟიმის ზოგიერთი ზომისა და პირბადეების ტარების კომბინაცია არის „პანდემიის მართვისა და ეკონომიკური აქტივობის გახსნის მისაღები გზა“, სანამ ვაქცინა შემუშავდება.


