დაუშვილი: "შემუშავდება რეგულაციები, რომელთა დაცვითაც გაიხსნება სპორტულ-გამაჯანსაღებელი სექტორი"
10/06/2020 06:42:25 საზოგადოება
ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი ფიტნეს დარბაზის, ღია და დახურული აუზის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძე.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან კოორდინაციით შემუშავდება დარგის სპეციფიკაზე მორგებული რეკომენდაციები.
„ვაგრძელებთ ბიზნესთან სექტორულ შეხვედრებს და ვმუშაობთ იმ ეკონომიკური სექტორების გახსნისთვის, რომლებიც ამ დრომდე დაკეტილია. დღეს შევხვდით სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებს და შევთანხმდით სამუშაო პროცესზე. სამუშაო პლატფორმის ფარგლებში შემუშავდება ბიზნესისთვის პრაქტიკაში აღსრულებადი რეგულაციები, რომელთა დაცვითაც მოხდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი სექტორის გახსნა“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.


