საქართველოს საფეხბურთო კლუბების არც ერთ წევრს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა
09/06/2020 17:12:07 საზოგადოება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის დავით მუჯირის განცხადებით, ეროვნული ლიგის კლუბების წევრთა პირველადი ტესტირება COVID-19-ზე დასრულდა და ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„ეროვნული ლიგის ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და კლუბების პერსონალს პირველადი ტესტირება 1-7 ივნისს ჩაუტარდათ და საბედნიეროდ, კორონავირუსი არავის დაუდასტურდა. ახლა გუნდები ორკვირიან შეკრებაზე გადავლენ, რომელსაც იზოლირებულად გაივლიან. შემდეგ, განმეორებითი ტესტირება ჩატარდება. 25 ივნისიდან კი ჩემპიონატი განახლდება“ - განუცხადა მუჯირმა ჟურნალისტებს.
ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ ვერა გუნდები ეროვნული ლიგის განახლებამდე ამხანაგური მატჩების ჩატარებას. ამისთვის მათ მთავრობის ნებართვა დასჭირდებათ.
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ მარტში შეწყდა, კორონავირუსის პანდემიის გამო. ჯერ მხოლოდ ორი ტურია გამართული და ჩემპიონატის დასრულებამდე თექვსმეტი ტური რჩება.


