ვინ დაიშვება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
09/06/2020 11:12:05 საზოგადოება
აბიტურიენტები, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ექნებათ, სპეციალურ შემოწმებას გაივლიან. ჯანდაცვის სამინისტრო მსგავსი აბიტურიენტებისთვის სპეციალურ წესებს ქმნის.
რეკომენდაციების მიხედვით, თუ აბიტურიენტს გამოცდის წინა დღეებში მაღალი ტემპერატურა ექნება, მან კორონავირუსზე შესამოწმებლად PCR ტესტი უნდა ჩაიტაროს და წარადგინოს ცნობა, რომ ინფიცირებული არ არის.
"ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა მოიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის ცნობა", - ვკითხულობთ რეკომენდაციებში.
თუ აბიტურიენტის ტემპერატურა 37 გრადუსს აღემატება, ხელახალი სკრინინგი 15 წუთში უკვე "ვერცხლისწყლიანი თერმომეტრით" უნდა ჩაუტარდეს. ამავდროულად, გათვალისწინებული იქნება შემდეგი გარემოებები:
- თუ გამოცდების ჩაბარებამდე 2-3 დღით ადრე აქვს ჩატარებული PCR ტესტი, მას შეუშვებენ სხვა აბიტურიენტებთან ერთად, თუმცა ყურადღებას მიაქცევენ;
- თუ აბიტურიენტს არ აქვს PCR ტესტი ჩატარებული, გადაწყვეტილებას მიიღებს ექიმი და მაინც იზოლირებულ ოთახში მოხვდება.
- თუ აბიტურიენტის ტემპერატურა 37,5 გრადუსზე მაღალია და მას არ აქვს ჩატარებული 2-3 დღით ადრე PCR ტესტი, მოიხსნება გამოცდიდან. იმ შემთხვევაში კი, თუ მსგავსი ტესტი აბიტურიენტს ჩატარებული აქვს, გადაწყვეტილებას მიიღებს ექიმი.
გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, მთავარი, რაც აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს დისკომფორტს შეუქმნის, სიცხე და გაგრილების სისტემების შეზღუდული მოხმარება იქნება.
მისი თქმით, ვინაიდან ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება საჯარო სივრცეებში ნებადართული არ არის, კონდიციონერები შენობებში იმუშავებენ მხოლოდ გამოცდების დაწყებამდე და გამოცდებს შორის პერიოდში. პაატა იმნაძის თანახმად, უშუალოდ გამოცდებზე კი ფანჯრებს გააღებენ.
„განიავება მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი, მაგრამ სამწუხაროდ კონდიციონერები ვერ იმუშავებენ", - გააცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, თუ გამოცდების დაწყებამდე გამოჩნდა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილი რეკომენდაციები კონდიციონერის მოხმარების დასაშვებობასთან დაკავშირებით, აღნიშნული შეზღუდვები გადაიხედება.
ამასთან, ირკვევა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 24 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. საგამოცდო ცენტრები გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ხულოში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, თელავში, გორსა და რუსთავში.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. ხოლო სამაგისტრო გამოცდები - პირველიდან 4 აგვისტოს ჩათვლით. გამოცდებში სულ 55 000-ზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.


