მთავრობის ადმინისტრაციასთან ცარიელი ქვაბები მიიტანეს
09/06/2020 11:04:08 საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაცია "დაიცავი არჩევანის" წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან ცარიელი ქვაბები მიიტანეს. როგორც განიმარტა, აქციის მონაწილეებმა ამ პერფორმანსით გააპროტესტეს ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობს, მთავრობა კი კორუფციაშია ჩაფლული, რაც მოქალაქეებს კიდევ უფრო აღარიბებს.
ორგანიზაციის წევრებმა ხელისუფლება პანდემიის პირობებში უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული ემიგრანტების მიმართ უყურადღებობაშიც დაადანაშაულა.
„ამ ხელისუფლებას სახელმწიფო მთლიანად გაძარცვული აქვს და ზუსტად ამით არის განპირობებული ის უსუსურობა, რომელიც არ იძლევა საშუალებას, ხალხს მეტ-ნაკლებად ღირსეული დახმარება აღმოვუჩინოთ ამ კრიტიკულ ვითარებაში. ეს ხელისუფლება ბიუჯეტის ვირთხების ხელისუფლებად ჩამოყალიბდა“, - განაცხადა აქციის ერთ–ერთა მონაწილე დავით ნებიერიძემ.
აქციის მონაწილეებს მთავრობის წევრებისთვის ცარიელი ქვაბების დატოვება სურდათ, თუმცა პოლიციამ მათ შენობაში შესვლის საშალება არ მისცა.


