პირბადის ტარების მოთხოვნის დარღვევისთვის ჯარიმა შესაძლოა, 20 ლარი გახდეს
08/06/2020 11:40:57 საზოგადოება
დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნისას საჯარიმო სახდელის 20 ლარით განსაზღვრა საკმარისი იქნება მიზნის მისაღწევად, არ არის აუცილებელი 50 ლარიანი ჯარიმა - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
"ამ პანდემიის რეჟიმიდან გამომდინარე ვფიქრობ, მთავარი იარაღი პირბადის ხმარებაა. ეს არის აუცილებელი, რომ დავაზღვიოთ როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ჯანმრთელობა. სავალდებულო უნდა იყოს პირბადის მოხმარება განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში. ზოგადად, საჯარიმო სახდელი უნდა იყოს იმდენი, რომ ის აღწევდეს მიზანს. არ უნდა იყოს არც იმდაგვარად დიდი, რომ ის ტვრითად აწვებოდეს მოქალაქეებს და არც იმ ოდენობის რომ შეამციროს პასუხისმგებლობა. მე ვფიქრობ, რომ ამ მიზნის მიღწევისთვის არ იქნება საჭირო 50- ლარიანი ჯარიმა. საკმარისი იქნება 20 ლარი"- განაცხადა ხუნდაძემ.
მისივე თქმით, ჯარიმა მოქალაქეებს ტვირთად არ უნდა დააწვეს:
“ხშირად მოქალაქე არის დაბალი შემოსავლის და ეს შესაძლოა მისთვის ფინანსური ტვირთი იყოს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მიზნის მისაღწევად საკმარისია განვიხილოთ 20- ლარიანი ჯარიმა და მძიმე ტვირთი არ დავუწესოთ, როცა შეიძლება შემთხვევით ვიღაცას დაავიწყდეს ნიღბის გაკეთება და მისთვის 50 ლარი შესაძლოა საკმაოდ მძიმე იყოს"..
შეგახსენებთ, რომ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი წარედგინა.


