საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა
08/06/2020 08:45:24 საზოგადოება
ქუთაისი-თბილისის მიმართულებით საქალაქთაშორისო მგზავრობის ღირებულება გაძვირდა. დღეიდან მგზავრებს 12 ლარის ნაცვლად, 15 ლარის გადახდა მოუწევთ.
მძღოლების განმარტებით, მგზავრობის ღირებულების გაზრდა, სხვადასხვა სერვისებზე ფასების მატებამ გამოიწვია და მგზავრობის ღირებულება მსგავსი პრინციპით გაძვირდება ყველა მიმართულებით.
ცნობისთვის: ტრანსპორტით სარგებლობის ღირებულების საკითხზე რამდენიმე დღის წინ "აქცენტი" „დიდუბის ავტოვაგზლის“ გენერალურ დირექტორს ნატო გელაშვილს ესაუბრა.
„ჩვენ ფასი გამოგვყავს კილომეტრაჟობით: ამჟამად 1 კილომეტრი მრავლდება 6 თეთრზე და 6 თეთრზე გამრავლებული კილომეტრის შესაბამისი იქნება ფასი. ანუ დაახლოებით, ასეთი იქნება მდგომარეობა: თუ თბილისი-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ფასი 12–13 ლარი იყო, ახლა 15 ლარი გახდება. რაღაცა მიზერული მოემატება“, – განაცხადა გელაშვილმა საკითხის კომენტირებისას.
ცნობისთვის: დღეიდან საქალაქთაშორისო ტრასპორტმა მუშაობა განაახლა. მგზავრებს გადაადგილება რეკომენდაციების დაცვით მოუწევთ.


