უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს პირბადის რამდენიმე საათით ტარება
05/06/2020 15:28:51 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსმა შეცვალა მოქალაქეების ცხოვრების წესი, გააჩინა ბევრი დისკომფორტი და პირბადის ტარებაც გარკვეულ დისკომფორტთანაა დაკავშირებული. ამ კომენტარით იმნაძემ უპასუხა კითხვას, უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს პირბადის დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში ტრაება.
იმნაძემ აღნიშნა, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ლაბორატორიის მუშაკებს, ექიმებს მათთან შედარებით საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უწევთ ნიღბის ტარება, რათა პაციენტების უსაფრთხოება დაიცვან:
„კორონავირუსმა შეცვალა ჩვენი ცხოვრების წესი და რა თქმა უნდა, პირბადის ტარება გარკვეულ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. მესმის, რომ ადამიანები, რომლებიც ამას მიჩვეულები არ იყვნენ, გარკვეულ დისკომფორტს განიცდიან. თუ პირბადის ტარება ადამიანის პროფესიულ ვალდებულებას არ წარმოადგენს, მან უნდა ატაროს პირბადე მაღაზიაში, ტრანსპორტში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. არა მგონია, რომ ეს დღეში მას 2-3 საათს აღემატებოდეს. ლაბორატორიის მუშაკები და ექიმები არა პირბადით, არამედ რესპირატორით მუშაობენ და მას აქვს გარკვეული მოხმარების ვადა. მოცემულ სიტუაციაში ამ ვადების დარღვევაც უწევთ და გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში ატარებენ რესპირატორს. ქირურგები ჩვეულებრივ სამედიცინო ნიღაბს ატარებენ და ოპერაციების დროს საათობით არ იხსნიან მას. რიგით მოქალაქეებს არ მოეთხოვებათ სამშრიანი სამედიცინო ნიღბების ტარება. არსებობს ერთ და ორშრიანი ნიღბები, ბაზარზე მოიპოვება ერთჯერადი და მრავალჯერადი ნიღბები. შესაბამისად, სანამ ჩვენ არ გვექნება იმის გარანტია, რომ ვირუსი ფართო გავრცელებას არ მიიღებს, წინასწარ ვერ გავიგებთ, ვინ არის ავად და ვინ - არა, ამიტომ უნდა შევწუხდეთ და ვატაროთ ნიღბები, იქ სადაც არსებობს რისკი, რომ ვიღაც გავხადოთ ავად“.
მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, რომ ნიღბის გამოყენებით ვირუსის გადადების რისკი მკვეთრად მცირდება:
„ვიდრე არ გვექნება იმის აბსოლუტური გარანტია, რომ ჩვენს ქვეყანაში ფართო გავრცელებას არ მიიღებს ვირუსი, ამ დაავადებამ აჩვენა, რომ უსიმპტომო შეიძლება იყოს ბევრი, აქედან გამომდინარე, ჩვენ წინასწარ ხომ არ ვიცით, ვინ არის ავად და ვინ – არა. ამიტომ, უნდა შევწუხდეთ და სანამ ეს დაავადება იქნება, სამწუხაროდ, ჩვენ უნდა ვატაროთ ნიღბები იქ, სადაც რისკია იმის, რომ ჩვენ ვიღაც სხვა გავხადოთ ავად“.
განახლება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განმარტა, რომ ზიანის მიყენების თაობაზე მოსაზრება ყოველგვარ მტკიცებულებას მოკლებულია:
„არცერთი კვლევა არ ადასტურებს იმას, რომ წესების დაცვით ნიღბის გამოყენებამ ადამიანს ზარალი შეიძლება მიაყენოს მაშინ, როდესაც მსოფლიოში კოვიდის პანდემიაა. აქ არ არის საუბარი იმ ნიღბებზე, რომელსაც იყენებს სამედიცინო პერსონალი, ანუ სპეციალურ რესპირატორებზე. ლაპარაკია ჩვეულებრივ, საყოფაცხოვრებო პირბადეებზე. ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ, რომ მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ნიღბის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ნიღბის გამოყენებით მიყენებული ზარალი რას გულისხმობს ამ შემთხვევაში? რა არის საპირწონე? კოვიდით დაავადება და მეორე მხარეს რა? რას უშვრება ნიღაბი ადამიანს ასე ცუდს? ეს ყველაფერი ყოველგვარ მტკიცებულებას მოკლებულია და არასწორი ინფორმაციის გავრცელება, ნიღბის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭირო არ არის“.


