20 ივნისს “სირცხვილია” პარლამენტთან აქციას აანონსებს
04/06/2020 18:29:23 საზოგადოება
20 ივნისს მოძრაობა “სირცხვილია” პარლამენტთან აქციას აანონსებს. როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ღონისძიება თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან 19:00 საათზე გაიმართება.
"1 წლის წინ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ პარლამენტში რუსი დეპუტატები შემოუშვა და ოკუპაციის კანონის დამრღვევ კომუნისტ გავრილოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაუთმო. ზუსტად ერთი წლის წინ ეს ღიად კოლაბორაციონისტული ფაქტი ათასობით ადამიანმა პარლამენტის წინ გააპროტესტა და ხელისუფლებამ ეს ხალხი, რუსეთისთვის საჩვენებლად, სამაგალითოდ დასაჯა.
1 წლის წინ, 20 ივნისს საკუთარმა მთავრობამ მშვიდობიან მოქალაქეებზე დათვის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დილამდე ინადირა. შედეგად დაზარალდა 240-მდე ადამიანი და დააკავეს ასეულობით დემონსტრანტი. მხედველობა დაკარგა ხუთმა ადამიანმა. დაშავდა 40-მდე ჟურნალისტი. ხელისუფლების ეს ნაბიჯი ძალის გადამეტებად და არაპროპორციულ გამოყენებად შეაფასეს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ხელისუფლებამ საკუთარ შედგომებს გამოძიების არაეფექტურად წარმართვით, მომხდარზე პასუხისმგებელი შს მინისტრის პრემიერად დაწინაურებით, დაზარალებულებისთვის სტატუსის არ მინიჭებით და პროპორციულ არჩევნებზე დაპირების ჩაგდებით უპასუხა. 1 წლის თავზეც სირცხვილია და უფრო მეტადაც – საკუთარ შეცდომაზე სწავლის ნაცვლად ხელისუფლებამ გამოცხადებული ომი კიდევ უფრო გაამწვავა და თავისუფალ აზრს დაუპირისპირა როგორც ადმინისტრაციული რესურსი, ასევე მის მიერ მართული მედია და ასეულობით ყალბი ანგარიში სოციალურ ქსელში. 1 წლის თავზე ჩვენ გვჯერა, რომ ამ მასშტაბის ბოროტების დამარცხება მხოლოდ ერთად დგომითაა შესაძლებელი. ყველას, ვისაც გაწუხებთ:ერთპიროვნული მმართველობა, სადაც პასუხისმგებელი ხალხის წინაშე არავინ არის; ადამიანის უფლებების სისტემატური რღვევა; სახელმწიფოს ყველა შტოს მიტაცება; ბიუჯეტის ფლანგვა და არჩევნების მოსაგებად განიავებული სახელმწიფო ქონება და საქართველოს ჩქარი ტემპებით რუსეთის გუბერნიად ქცევა”, – ნათქვამია განცხადებაში.


