საქართველოში 22 მაისამდე 15 „კლასტერი“ და 3 500-მდე კონტაქტი გამოიკვეთა
04/06/2020 13:02:50 საზოგადოება
კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 22 მაისის მდგომარეობით, 15–მდე კლასტერი გამოიკვეთა და 3 500-მდე კონტაქტის მოძიება განხორციელდა.
„კონტაქტები, რომლებსაც აღენიშნებათ კორონავირუსის სიმპტომები, განიხილებიან როგორც შესაძლო შემთხვევები, რომლებიც გადაჰყავთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ უტარდებათ დიაგნოსტირება კორონავირუსზე.
კონტაქტებს, რომლებსაც არ უვლინდებათ სიმპტომები ეძლევათ არჩევანი: დადასტურებულ შემთხვევასთან ბოლო კონტაქტიდან 14 დღის განმავლობაში დარჩნენ თვითიზოლაციაში შინ (თუ დაცულია იზოლაციისთვის მოთხოვნილი წესები) ან გადაყვანილი იქნენ საკარანტინო დაწესებულებაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ.
პირის მიმართ იზოლაციის გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. 36 დადასტურებული შემთხვევების ეპიდკვლევით მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ იქნა 3 500-მდე კონტაქტის მოძიება“,- ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, ერთ კლასტერში შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა 40 იყო.
„შემთხვევების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, გამოიყოფა თეთრიწყაროს, ბოლნისის და ქობულეთის კლასტერები“,- ნათქვამია ანგარიშში.


