კვლევა: „კორონავირუსით დაავადების შემთხვევაში ჭარბი წონა ახალგაზრდებს უფრო მეტ რისკს უქმნის, ვიდრე ხანდაზმულებს“
04/06/2020 12:27:57 საზოგადოება
მას შემდეგ, რაც COVID-19 გაჩნდა, არაერთი მეცნიერი მიიჩნევდა, რომ ინფიცირების შემთხვევაში ჭარბი წონა დაავდების გართულებას იწვევდა და ამ კუთხით ყველაზე მოწყვლად ჯგუფად ხანდაზმულებს ასახელებდნენ. თუმცა უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევაში სიმსუქნე ახალგაზრდებს უფრო მეტ რისკს უქმნის, ვიდრე ხანდაზმულებს. ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი.
„COVID-19–ით ინფიცირების შემთხვევაში დაავადების გამწვავების უფრო მეტი რისკი ჭარბწონიან ახალგაზრდებშია, ვიდრე ჭარბწონიან ხანდაზმულებში. დღემდე კი პირიქით მიიჩნევდნენ“, – აცხადებს „Johns Hopkins“–ის სამედიცინო სკოლის კარდიოსამეცნიერო განყოფილების დირექტორი, კარდიოლოგი დევიდ კასი.
მისივე თქმით, დაკვირვება 6 სხვადასხვა ჰოსპიტალში მყოფ 265 კოვიდ–ინფიცირებულ პაციენტზე განახორციელეს.
„მკვლევარებმა აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი ინვერსიული კორელაცია ასაკსა და BMI-ს [სხეულის მასის ინდექსი] შორის, რომლის თანახმად, თითქმის ყველა ახალგაზრდა, (განსხვავებით ხანდაზმულებისგან) რომელსაც ჰოსპიტალიზება დასჭირდა, სიმსუქნეს უჩიოდა. შესაბამისად, თუ თქვენ ხართ 25– 35 წლის და გაქვთ ჭარბი წონა, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რათა თავიდან აიცილოთ COVID-19–ით დაინფიცირება“, – აცხადებს დევიდ კასი.
მისივე თქმით, კვლევის შედეგები განსაკუთრებით უნდა აღელვებდეს ამერიკელ ახალგაზრდებს, რადგან ახალგაზრდებში სიმსუქნის მაჩვენებელი ამ ქვეყანაში გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა სახელმწიფოებში. მაგალითად, ეს მაჩვენებელი აშშ–ში 40%–ია, ჩინეთში– 6,2%, იტალიაში –20%, ესპანეთში კი – 24%.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 388 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 570 000–ს გადააჭარბა, 3 172 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 801-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 644 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.
წყარო:bestlifeonline


