საქართველოში 30 იანვრიდან 3 ივნისამდე COVID-19–ზე 60 273 პირია გამოკვლეული
04/06/2020 10:05:19 საზოგადოება
საქართველოში 30 იანვრიდან 3 ივნისამდე პერიოდში, პჯრ/RT-PCR-ით გამოკვლეულია 60 273 შესაძლო შემთხვევის პირველადი ნიმუში, - ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.
მათგან, დადასტურებულია 800 შემთხვევა, აქედან აქტიური შემთხვევა - 147, გამოჯანმრთელდა - 640, გარდაიცვალა - 13, ლეტალობის მაჩვენებელი კი 1.63%-ია
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, COVID-19-ის რეპროდუქციის მაჩვენებელი საქართველოში 1-ზე ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაცემის ინტენსივობა შემცირებულია.
„დღეს არსებული ცოდნითა და დარგის ექსპერტების შეხედულებით, მაღალია ვირუსის შემოტევის, ე.წ. მეორე ტალღის ალბათობა. ინფექციას ტალღოვანი მიმდინარეობა ახასიათებს, კერძოდ, პერიოდულად ხდება ინფიცირების შემთხვევების მატება და შემდეგ კვლავ კლება და ამ ფაქტს სხვა ქვეყნების მაგალითებიც აჩვენებს. დღეს საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა ვირუსის შეკავების პოზიტიური შედეგის შენარჩუნება, რათა შეზღუდვების შემსუბუქებას ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა არ მოჰყვეს. ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოების მხრიდან რეკომენდაციების შესრულება და წესების ზედმიწევნით დაცვა," - ნათქვამია ანგარიშში.


