გამყრელიძე: "საქართველოში COVID-19-ით სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების ერთი შემთხვევა გვქონდა"
03/06/2020 10:25:08 საზოგადოება
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილთაგან ერთ–ერთი სამედიცინო პერსონალია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.
"ჩვენ დაახლოებით 13%–მდე სამედიცინო პერსონალი დაგვიინფიცირდა. ეს არ არის დიდი მაჩვენებელი, ევროპაში იყო 20-21 %–იც. ეს ხალხი პირველ ხაზზეა და მათ შორის, სამწუხაროდ, სამედიცინო პერსონალის გარდაცვალებაც ხდება. ჩვენც გვქონდა ერთი საშუალო სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების შემთხვევა. ამიტომ, ინფექციის კონტროლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. მუდმივი გადამზადება, მუდმივი სწავლება ამ პერიოდში გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი”, – განაცხადა გამყრელიძემ.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 800-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 640 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.


