კვლევა – რამდენი პროცენტით ამცირებს Covid-19–ით ინფიცირების რისკს სოციალური დისტანცირება, პირბადე და სახის ფარი
02/06/2020 07:00:40 საზოგადოება
მეცნიერების განცხადებით, Covid-19–ით ინფიცირების რისკის შემცირების ყველაზე ეფექტური საშუალება სადღეისოდ სოციალური დისტანცირებაა.
სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული უკანასკნელი კვლევის [რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარდა] შედეგების თანახმად, ფიზიკურ დისტანციასთან ერთად ახალი კორონავირუსით დაავადებით რისკს პირბადე და სახის ფარიც ამცირებს.
სოციალური დისტანცია
- თუ ადამიანი 1–მეტრიან დისტანციას იცავს, Covid-19–ით ინფიცირების რისკი 12.8%–ია; თუ 1 მეტრზე მეტი მანძილის დისტანციას იცავს – 2.6%. მეცნიერების რჩევაა, სადაც ამის საშუალება იქნება მოქალაქეებმა 2–მეტრიანი დისტანცია შეინარჩუნონ.
პირბადე
- პირბადისა და რესპირატორის [მაგალითად, როგორიცაა N95 ტიპის რესპირატორი] გარეშე ახალი კორონავირუსით ინფიცირების რისკი 17.4%–ია, ხოლო ხსენებული დამცავი საშუალებების გამოყენების შემთხვევაში – 3.1%.
სახის დამცავი ფარი
- ფარის გარეშე ახალი კორონავირუსით დაავადების რისკი 16%–ია, ხოლო მისი გამოყენების შემთხვევაში ეს რისკი 5.5%–მდე მცირდება. როგორც მეცნიერები აცხადებენ, ამ ფარის ძირითადი დანიშნულება თვალების დაცვაა. მათივე თქმით, ფარის შესაძლოა, სათვალეებითაც ჩანაცვლდეს.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 377 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 370 000–ს გადააჭარბა, 2 905 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 796-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 634 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


