გამყრელიძე შეზღუდვების გამკაცრების საჭიროებას ჯერ ვერ ხედავს
01/06/2020 09:41:24 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გამო რეგულაციების გამკაცრების საჭიროება ამ ეტაპზე არ არის.
როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ახლა ჩვენ მივდივართ სლოგანით - „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად“.
„დღევანდელი მონაცემებით, მე არ ვფიქრობ ჩვენ ისეთი ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებები დავაწესოთ, როგორიც გვქონდა. ახლა ჩვენ მივდივართ სლოგანით - „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად“. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ტიპის მატებები შესაძლებელია იყოს. ეს დასაშვებია და ამას თავისუფლად მართავს ჯანდაცვის სისტემა ყოველგვარი ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების გარეშე“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, სადღეისოდ არსებული მოცემულობით, არდადეგების გახანგრძლივების ან სასწავლო პროცესის გადადების აუცილებლობა არაა.
„დღევანდელი მოცემულობით ამის საშიშროება არ არის. სასწავლო პროცესი რომ არ აღდგეს სექტემბერში, ამის აუცილებლობა არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.


