„საბურთალოს კლასტერში“ სერიოზული მიკრო-აფეთქება გვქონდა“
01/06/2020 09:06:35 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, „საბურთალოს კლასტერში“ კოვიდ 19-ით 23 ადამიანია ინფიცირებული და 103 კონტაქტია გამოვლენილი.
„სერიოზული მიკრო-აფეთქება გვქონდა „საბურთალოს კლასტერში“, რომელიც ერთ-ერთი საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს უკავშირდება, რომლისგანაც ეს ინფექცია გავრცელდა. დღვანდელი რიცხვით ამ კლასტერში 23 ადამიანია ინფიცირებული. ჩვენ უკვე 103 კონტაქტი გამოვიკვლიეთ, 42 კარანტინშია გადაყვანილი და დანარჩენები ე.წ. შიდა კარანტინში არიან.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გარკვეულ ოაზისად რჩება ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებთან შედარებით, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს და ილუზიას არ უნდა მივეცეთ, რომ კორონა დავამარცხეთ. თუ ჩვენ შემსუბუქების და ეკონომიკური გახსნის პირობებში არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც სახელმწიფო იძლევა, მაშინ ამ ტიპის აფეთქებები შეიძლება გვქონდეს. ეს შემთხვევები, რაც ბოლო სამი დღის განმავლობაში გვქონდა, საშიში არ არის და პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ყველა შემთხვევის წარმომავლობაა ვიცით და მართვადია. საწოლების საკმარისი რაოდენობაა ქვეყანაში, საკმარისად მომზადებული სამედიცინო პერსონალი გვყავს და ეს ყველაფერი მართვადია“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ყველაზე „ცხელი წერტილი“ მუშევანია
„მნიშვნელოვანია ქვემო ქართლის კლასტერი, ყველაზე ცხელი წერტილი არის ბოლნისის მუნუციპალიტეტის სოფელი მუშევანი. ჩვენ გასულ კვირას სერიოზულად ვიმუშავეთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ჩატარდა მუშევანის მოსახლეობის თითქმის სრული კვლევა. მთლიანად მუშევანში 1135 ადამიანი გვყავს გამოკვლეული და 75 დადებითი გვყავს, რომლებიც გადაყვანილი არიან სამკურნალო ცენტრებში, ამავე დროს 60-მდე ადამიანი გადაყვანილია კარანტინში. მუშევანის მოსახლეობა 750 ადამიანია და ეს 1135 კვლევა ნიშნავს, რომ განმეორებითი კვლევა ჩავატარეთ. პარასკევს ძალიან ორგანიზებულად, 9 ბრიგადით ვიმუშავეთ მუშევანში, 8 იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრის და 1 დახვდათ ადგილობრივი, გამოვიკვლიეთ 574 ბიოლოგიური ნიმუში, აქედან 19 აღმოჩნდა დადებითი იმ ერთი დღის კვლევის შედეგად. ჯამში დადასტურებული 75 შემთხვევის კლინიკური მდგომარება არის დამაკაყოფილებელი, ზოგიერთ უკვე გამოჯანმრთელდა და არიან გამოჯანმრთელების შემდგომ კარანტინში”, - განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რეკომენდაციები დაიცვან:
„ყველას მოვუწოდოთ, რომ გაიკეთონ პირბადე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მობილობა სერიოზულად გაიხარდა ქვეყანაში - მეტროში, ავტობუსში, სამარშრუტო მიკროავტობუსში და ა.შ. აუცილებელია პირბადის გამოყენება. თუ მე ვარ ინფიცირებული და მიკეთია პირბადე, ჩემთან ერთად მყოფ ჯანმრთელ ადამიანსაც უკეთია პირბადე, ალბათობა იმისა, რომ არ გადაგედოთ ინფექცია არის 95% ანუ მაღალი დაცულობა აქვს პირბადეს. თუ ერთს გვიკეთია და მეორეს არა, მაშინ ეს ალბათობა დაიწევს 50%-მდე. ამიტომ ეს მარტივი თვითდაცვის საშუალება ძალიან გთხოვთ, ყველამ ვატაროთ. მესმის, რომ რთულია სიცხეში. გუშინ გავისეირნე ქუჩებში, რამდენიმე პარკში და ვნახე, რომ სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობა არ იცავს არც დისტანციას და არც პირბადეს იყენებს. ჩვენ ადრე ვამბობდით, რომ გარეთ პირბადე არ უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ როდესაც ერთად ვიკრიბებით 5,6,7,10 ადამიანი, გარე სივრცეშიც აუცილებელია პირბადის გამოყენება, იმიტომ, რომ ინფექცია ჯერჯერობით ქვეყანაში არის და მისი გავრცელების საშიშროება და ალბათობა არ მოხსნილა“.


