ძაღლებს COVID-19-ის სუნით დადგენა შესძლებიათ: დაეხმარება თუ არა ეს კაცობრიობას?

29-05-2020 19:07:18 რეპორტაჟი

მიუხედავად იმისა, რომ ძაღლების განსაკუთრებული ყნოსვის შესახებ საყოველთაოდაა ცნობილი, ჰელსინკის უნივერსიტეტის (ფინეთი) მეცნიერების აღმოჩენას, რომ ადამიანის ოთხფეხა მეგობრებს COVID-19-ის სუნით დადგენა შეუძლიათ, ზოგი აღფრთოვანებით ხვდება, ზოგიც - სკეპტიციზმით.

სწორედ ფინელმა მეცნიერებმა დაიწყეს პირველებმა ძაღლების წვრთნა სხვადასხვა დიაგნოზების დასადგენად. ტრენინგის დაწყებიდან უკვე რამდენიმე კვირაში ცხოველებს კოვიდ-ინფიცირებული და ჯანმრთელი ადამიანების შარდის სუნის გარჩევა შეეძლოთ. თანაც შეცდომების პროცენტული მაჩვენებელი მინიმალური იყო – დაახლოებით ისეთივე, როგორიც ამჟამად გამოყენებაში არსებული სამედიცინო ტესტების, - იუწყება DW.

წარმოადგენს თუ არა COVID-19 საფრთხეს თავად ძაღლებისთვის?

ფინელი მეცნიერების გამოცდილება ძალზე მნიშვნელოვანია ცხოველებთან მომუშავე სხვა მკვლევარებისთვის – უპირველესად, ბრიტანეთსა და საფრანგეთში, სადაც ამჟამად ასევე ცდილობენ ძაღლების გამოყენებას კოვიდ-ინფიცირებულთა მასობრივი გამოვლენისათვის.

მსგავსი ექსპერიმენტები ტარდება გერმანიაშიც, თუმცა იქ იდეას მეტი სკეპტიციზმით ეკიდებიან.

"ჯერ-ჯერობით ვერავინ ამბობს, წარმოადგენს თუ არა თავად ტრენინგ-პროცედურა ინფიცირებულთა ანალიზების გამოყენებით საფრთხეს წვრთნებში მონაწილე ადამიანებისა და ცხოველებისათვის, - აღნიშნავს ძაღლების წვრთნის გერმანული პროფილური ცენტრის (Deutsches Assistenzhunde-Zentrum) მკვლევარი ლუკა ბარეტი. - ამ დრომდე გერმანელი ვირუსოლოგები ამ მხრივ სიფრთხილის გამოჩენის რეკომენდაციებს გვაძლევდნენ. ამიტომაც სანამ ჩვენთან მსგავს ტრენინგებს დავიწყებდეთ, მეტი ინფორმაციის მოპოვება გვსურს".

ამასობაში ფინელი მეცნიერები უკვე კვლევის შემდეგ ფაზაზე გადადიან, რომლის ფარგლებშიც დიდი რაოდენობით ადამიანების ერთდროული გამოკვლევა დაიწყება. წარმატების შემთხვევაში ამ საქმეში ძაღლების გამოყენების საკითხი უკვე კონკრეტულად დადგება დღის წესრიგში.

COVID-19-ს მახასიათებელი სუნი აქვს

ამასთან, მეცნიერებმა 100%-იანი სიზუსტით ამ დრომდე არ იციან, შარდში შემავალი კონკრეტულად რომელი ნივთიერებები ასრულებენ ძაღლებისთვის კოვიდ-სიგნალის ფუნქციას. ეს საკმაოდ ძნელი დასადგენია, განსაკუთრებით – იმის გათვალისწინებით, რომ SARS-CoV-2 აზიანებს არა მარტო ფილტვებს, არამედ სისლძარღვების კედლებს, თირკმელებსა და სხვა რიგ შინაგან ორგანოებსაც.

გერმანელი მეცნიერებიც აღიარებენ, რომ რიგ დაავადებებს სპეციფიური მარკერი აქვთ – განსაკუთრებული სუნი, რომელსაც გაწვრთნილი ძაღლები საკმაოდ მაღალი სიზუსტით ცნობენ, მაგალითად, მკერდის კიბოს სუნს - 93%-იანი, ხოლო ფილტვის კიბოსას 97-ინი სიზუსტით.

გაწვრთნილი ძაღლები საავადმყოფოებსა და აეროპორტებში

ადამიანთან შედარებით, ძაღლს ბევრად მეტად განვითარებული ყნოსვა აქვს: თუ თითოეულ ჩვენგანს სუნების “დამჭერი” 5 მილიონი უჯრედი გააჩნია, ტაქსას ჯიშის ძაღლს 125 მლნ აქვს, ნაგაზს – 2020 მლნ! ტრენინგებისთვის, როგორც წესი, ნაგაზებს, ლაბრადორ-რეტრივერებს ან კოკერ-სპანიელებს ირჩევენ და წვრთნიან რომელიმე დაავადების მარკერებზე.

ე.წ. სამედიცინო ძაღლები უკვე დღეს “მუშაობენ” კლინიკებში, თუმცა ეს ჯერ-ჯერობთ მაინც იშვიათობაა და მათი მეპატრონეები სამედიცინო დაწესებულებებს ამ გზით საზოგადოებრივ საწყისებზე ეხმარებიან. სამეცნიერო წრეებში კი არსებობენ იდეის როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. ნებისმიერ შემთხვევაში, სადღეისოდ ძაღლის მიერ სახასიათო სუნით ამა თუ იმ მოქალაქის გამოვლენის შემდეგ მაინც აუცილებელია სამედიცინო ტესტის ჩატარება და მხოლოდ ამის შემდეგ სვამენ საბოლოო დიაგნოზს.

თუმცა COVID-19-ის აღმოჩენაზე გაწვრთნილი ძაღლების გამოყენება ამ ეტაპზე უფრო არა კლინიკებში, არამედ აეროპორტებში იგეგმება. ეს ჩამომავალი მგზავრების პირველადი კვლევის მოკლე დროში ჩატარების შესაძლებლობას შექმნის, ხოლო ის პირები, რომლებსაც ძაღლები გამოავლენენ, უკვე ტესტირების გასავლელად გაიგზავნებიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები