გახარია: „შიდა გადაცემა მაქსიმალურადაა გამოვლენილი, დატოვებულია რამოდენიმე არხი“
27/05/2020 14:57:40 საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსის შიდა გადაცემა მაქსიმალურადაა გამოვლენილი და უკვე კვირეებია, ქვეყანაში გაურკვეველი წარმომავლინოს ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
გახარიას თქმით, საზღვრების გახსნის შემდეგ რისკები გაიზრდება, თუმცა ქვეყანა სამუდამოდ ჩაკეტილი ვერ დარჩება.
„დღეს ქვეყანა ჩაკეტილია, შიდა გადაცემა მაქსიმალურადაა გამოვლენილი, დატოვებულია რამოდენიმე არხი, საიდანაც ხდება მიგრირება, პირველ რიგში, ესენი არიან სახმელეთო გადაზიდვის – სატვირთო მანქანების მძღოლები და ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან – ისინი შედიან კარანტინში, ორი კვირა რჩებიან, შემდეგ იღებენ პისიარ–ტესტს. საზღვრის გახსნის პირობებში დამატებითი რისკები ჩნდება. ეს შეიძლება, იყოს ტურისტი. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია, ქვეყანა სამუდამოდ დავკეტოთ? გარკვეული საავიაციო რეისი – თბილისი–ამსტერნამის და თბილისი – ვენის უახლოეს დღეებში დაიწყება. ეს არის არხები, საიდანაც ვირუსის შემოსვლის რისკი შეიძლება, იყოს, მაგრამ მერწმუნეთ, ყველა ეს მიმართულება მაქსიმალურად და ეფექტურად გვაქვს გადაკეტილი. ამიტომ, ჯერ–ჯერობით შიდა გადაცემის მომენტს ვაკონტროლებთ“,– განაცხადა გახარიამ.


