მიკროავტობუსებში მგზავრების ფეხზე დგომა შესაძლოა, დასაშვები არ იყოს
27/05/2020 09:27:39 საზოგადოება
მიკროავტობუსებში მგზავრების ფეხზე დგომა შესაძლოა, დასაშვები არ იყოს. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
„დავალებაა, რომ შეიძლება, მოგვიწიოს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რომ არ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადავსება, მაგალითად, მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა რომ არ დავუშვათ, სხვა შემთხვევაში ისევ მძიმე სურათი რომ არ მივიღოთ. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ როგორც იანვარში იყო, 100%-იანი სრული გახსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ მოხდება. თუმცა, ტრანსპორტი იმოძრავებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდება რაოდენობრივად და რეჟიმები იქნება იგივე. ჩვენი მთლიანი ავტოპარკი გავა სერვისში და მოემსახურება მოქალაქეებს. თუ ამან განაპირობა გარკვეული შეზღუდვა და ვიღაც ვერ გადაადგილდა, ეს, რა თქმა უნდა, მისთვის დისკომფორტია, თუმცა, ისევ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ხდება ჩვენივე მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით“, - განაცხადა ხმალაძემ.
ცნობისთვის: 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი გაიხსნება. მგზავრობის დროს აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და ამას შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ.


