კომპენსაცია ეკუთვნის ყველა პირს, ვინც სამსახური 2020 წლის იანვრიდან პირველ ივნისამდე პერიოდში დაკარგა
21/05/2020 08:33:49 საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დამსაქმებლებს მოუწოდებს, მიაწოდონ ინფორმაცია იმ დასაქმებულების შესახებ, ვისაც სახელმწიფოსგან 6 თვის განმავლობაში ჯამში 1200- ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი ეკუთვნით.
როგორც მინისტრი განმარტავს, უწყებამ საბანკო რეკვიზიტები 1 ივნისამდე უნდა მიიღოს.
„კიდევ ერთხელ ვთხოვთ ყველა კომპანიას, დამსაქმებელ იურიდიულ პირს, მაქსიმალურად ჩქარა მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვისზეც ხელფასის გაცემა არ ხდება. იქნება ეს უფასო შვებულება, დროებით გათავისუფლება, თუ ნებისმიერი მიზეზი. პირველ ივნისამდე უნდა მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია, მოგვაწოდონ მათი საბანკო ანგარიშები, რათა დროულად მოხდეს ამ 1200-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტის გადახდის დაწყება. კიდევ გავიმეორებ პირობებს, ეს კომპენსაცია მათ ერგებათ, ვისაც პირველ კვარტალში ერთი თვე მაინც ერიცხებოდათ ხელფასი და ეს ხელფასი დღეს უკვე აღარ ერიცხებათ”,- აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ყველა მოქალაქე, ვინც 2020 წლის იანვრიდან პირველ ივნისამდე დაკარგა სამსახური, რამე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, მიიღებს კომპენსაციას.
„ზუსტად ის გაუგებრობა, ვისაც ეგონა, რომ კომპენსაციების გაცემა ვრცელდებოდა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში სამსახურის დაკარგვაზე, ეს მოვხსენით და ვთქვით, რომ 2020 წლის პირველ ივნისამდე, თუნდაც იანვრის ჩათვლით, ვინც დაკარგა სამსახური, ეკუთვნის ეს 1200-ლარიანი კომპენსაცია. დაგვიდასტუროს დამსაქმებელმა. ზუსტად გაუგებრობის მოსახსნელად მოხდა ცვლილებები, თუ ასეთი არსებობდა. უმეტესობამ ზუსტად გაიგო ცვლილებები“, – დასძინა ივანე მაჭავარიანმა.
როგორც მინისტრი ამბობს, 30 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები არაფერს იხდიან ბიუჯეტში, მაგრამ მცირე და მიკრო მეწარმეთა ნაწილი წლების განმავლობაში მაინც არ დარეგისტრირდა შემოსავლების სამსახურში, რის გამოც ოფიციალური სტატუსი არ აქვთ.
„კიდევ ერთხელ ადასტურებს ეს ფაქტი, რომ ვიღაცები შეიძლება, რჩებიან დახმარების მიღმა. წლების განმავლობაში ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური ითხოვდა, დარეგისტრირდით, აიღეთ მცირე მეწარმის სტატუსი, საერთოდ არაფერს არ იხდი, თუ 30 000 ლარამდე არ გაქვს შემოსავალი. არაფერს არ იხდი, უბრალოდ ადასტურებ. არის ერთპროცენტიანი, 500 000 ლარის ბრუნვა თუ არ აქვს, რამე სტატუსი რომ ყოფილიყო. მინიმალური ნდობა უნდა არსებობდეს და ეს ნდობა უნდა ჩამოყალიბდეს. ჩვენ, მაგალითად, ვხელმძღვანელობთ, 166 000 პირია, რომელიც სხვადასხვა სტატუსის მქონე მეწარმეა მცირე, მიკრო, რომელსაც მომართვის შემთხვევაში, პრაქტიკულად ავტომატურ რეჟიმში ვაძლევთ კომპენსაციას. ეს არის ზუსტად ის, რომ ადამიანი სადღაც მინიმალურ რეჟიმში, არანაირი დაბეგვრის რეჟიმში არავინ ხვდება. არც ძიძა მოხვდებოდა, არც რეპეტიტორი, არც დამლაგებელი ალბათ, წლირად 30 000 ლარს მათი შემოსავალი არ აჭარბებს და ამით ჩვენ იოლად მოვძებნიდით“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.


