ეზუგბაია – პირზე, რომელსაც covid–19 კვლავ დაუდასტურდა: "ინფექციის წყაროს არ წარმოადგენს"
21/05/2020 07:56:12 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტი, რომელსაც ახალი კორონავირუსი საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ კარანტინის სივრცეში კვლავ გამოუვლინდა, ინფექციის წყაროს არ წარმოადგენს.
ექიმის თანახმად, აქ საუბარი არ შეიძლება იყოს რეინფექცირებაზე ან სუპერინფექცირებაზე და მასთან გამოჯანმრთელების შემდეგ მიღებული დადებითი პასუხი არ ნიშნავს იმას, რომ იგი დაავადებულია:
„ეს არის არაცოცხალი ვირუსის ნარჩენები, რომლის დეტექციას აწარმოებს ეს ჩვენი მაღალტექნოლოგიური კვლევა, იჭერს ასე ვთქვათ ამ ნარჩენებს, მაგრამ ეს ნარჩენები არ არის სიცოცხლისუნარიანი ანუ ინფექციურობის უნარი არა აქვს. ეს ნიშნავს, რომ გადამდებლობა ამ პირიდან სხვა პირზე არ ხდება და ეს პირი არ წარმოადგენს ინფექციის წყაროს. არც გართულებაა მოსალოდნელი“, - განუცხადა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის: საქართველოში ახალი კორონავირუსისგან განკურნებულ 3 პირს ტესტირების შემდეგ covd-19 კვლავ დაუდასტურდა.
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 713-დან 721-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი ამჟამად 485-ია. გარდაცვლილია12 მოქალაქე.


