"კომენდანტის საათი" უქმდება
21/05/2020 07:02:04 საზოგადოება
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა
მისი თქმით, ვირუსი არსად წასულა და მთელი მსოფლიო საუბრობს მოსალოდნელ მეორე ტალღაზე.
სწორედ ამ საჭიროებით ხსნის პრემიერ-მინისტრი ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას მისცემს.
„სამწუხაროდ, დღეს დაზუსტებით ვერავინ ამბობს, პოსტ-კოვიდური მსოფლიო როგორი იქნება, რაც უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ყველას კარგად გვესმის, რომ ვალდებულება ნელ-ნელა, ფრთხილად, ეფექტიანად და გააზრებულად დავუბრუნდეთ ჩვენს ნორმალურ ცხოვრებას, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ჩვენი სოციალური მიმართულებით არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და აღარ გაგრძელდეს "კომენდანტის საათი". თუმცა, ვირუსი არსად წასულა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა ჩვენთან ერთად იქნება ის პერიოდი, რომელზეც დღეს დაზუსტებით მსოფლიოში ვერავინ ამბობს. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც მთავრობის, ასევე თითოეული მოქალაქის კიდევ უფრო იზრდება და მოთხოვნა სოციალური დისტანციის, პირბადის და სხვა იმ მოთხოვნების, რომლებსაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვიყენებენ არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის: ცვლილებები პარლამენტმა 23 მაისამდე უნდა განიხილოს და მხარი დაუჭიროს. 23 მაისიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ჩერდება. პირველი განხილვა 19 მაისს უკვე შედგა, რამაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის ფონზე ჩაიარა. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ცვლილებებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და მთავრობისთვის მნიშვნელოვნად გაზრდილი უფლებამოსილების მინიჭებას საფრთხის შემცველად თვლიან.


