მთავრობა: სოციალური დახმარებების გაცემა მაისის ბოლოდან დაიწყება
20/05/2020 16:10:05 პოლიტიკა, საზოგადოება
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემა მაისის ბოლოდან, ეტაპობრივად დაიწყება,– იუწყება მთავრობის პრეს–სამსახური.
ამავე ინფორმაციის თანახმად, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, სახელმწიფოს მხრიდან, ექვსი თვის განმავლობაში, დამატებით, ჯამში 600 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ; ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არის 0-დან 100 000-მდე და ჰყავთ სამიდან და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი, სახელმწიფო დაეხმარება 6 თვის განმავლობაში, ჯამში 600 ლარის ოდენობით; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ასევე, ისარგებლებენ ექვსი თვის განმავლობაში, ჯამში 600 ლარის დახმარების ოდენობით სახელმწიფოს მხრიდან და დღეის მდგომარეობით, საქართველოში ასეთი 40 000 მოქალაქეა.
პრემიერ-მინისტრს შემოსავლების სამსახურმა წარუდგინა ინფორმაცია იმ დაქირავებით დასაქმებულ პირებზე, რომლებიც ოფიციალურად მუშაობდნენ, თუმცა კრიზისის პერიოდში დაკარგეს სამსახური და რომლებსაც სახელმწიფო ექვსი თვის განმავლობაში, ჯამში 1 200 ლარის ოდენობით, დაეხმარება. მათ შესაბამისი კომპენსაცია მაისის ბოლოდან ეტაპობრივად ჩაერიცხებათ.
რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს, ამ ეტაპზე თვითდასაქმებულთათვის განკუთვნილ სპეციალურ ბაზაში 33 ათასზე მეტი პირი დარეგისტრირდა, რომლებზეც კომპენსაციის გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დაიწყება.


