NCDC განმარტავს, რა შეზღუდვები დარჩება 22 მაისის შემდეგ
20/05/2020 15:52:52 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელები განმარტავენ, რა სახის შეზღუდვები დარჩება ქვეყანაში 22 მაისის – საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ. კერძოდ, როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დაწესებულებეში და შეკრებების დროს პირბადის ტარების აუცილებლობა, სოციალური დისტანციის დაცვის გათვალისწინების მოთხოვნა დიდხანს დარჩება.
„სლოგანი, „დარჩი სახლში“ თანადათანობით შეიცვლება სლოგანით „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად“ . ეს ნიშნავს, რომ მთელი რიგი შემზღუდველი ღონისძიებები საკმაოდ დიდხანს დარჩება. [... ]
როგორც ვიცი, ძალიან აქტიურად იცავენ წესებს [ობიექტებზე], თუ რამდენი ადამიანი შეიძლება, იყოს ერთდროულად დახურულ სივრცეში, ადამიანებს შესვლისას უზომავენ ტემპერატურას, ხელები სანიტაიზერებით მუშავდება. შეიძლება, ეს არ გვსიამოვნებს, რადგან ესეც გარკვეული ტიპის შეზღუდვაა, მაგრამ ეს შეზღუდვები დარჩება. ყოველ შემთხვევაში, ვიცი, რომ ამ შემოდგომაზე ნამდვილად იქნება. მერე კიდევ ვნახოთ“.
გამყრელიძის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, კი მონაცემების შეჯერების შემდეგ საზოგადოებას ეცნობება, თუ რა ტიპის შეზუდვები შეიძლება, დარჩეს ძალაში:
„პირველ რიგში, ეს ეხება სოციალური დისტანცირების საკითხებს და ამაზე მსჯელობა მუდმივად მიმდინარეობს, პარალელურად მიმდინარეობს დაკვირვება, თუ რა ხდება ქვეყანაში, როგორია ინფექციის მიმდინარეობა, რა ხდება რეგიონებში. ყველაფერი ეს შეჯერდება და ერთად მოვახსენებთ საზოგადოებას, თუ რა ტიპის შეზუდვები შეიძლება დარჩეს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ“.


