თბილისის მერიაში მორიგი საკადრო ცვლილებაა
20/05/2020 07:55:34 საზოგადოება
თბილისის მერიაში კიდევ ერთი საკადრო ცვლილებაა. დედაქალაქის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი იქნება.
"მინდა მას წარმატებები ვუსურვო ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამსახურში. ამ მიმართულებით გამოწვევები არსებობს. იცით ჩემი დამოკიდებულება რამდენად მნიშვნელოვანია, ურბანული თვალსაზრისით ქალაქის სწორი განვითარება მოხდეს და არ დავუშვათ ის კატასტროფა, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. ჩვენი მთავრობის მიერ არჩეულ გზას ვერავინ გადაუხვევს. ეს არის სწორი გზა, რომ ქალაქი სწორად განვითარდეს. ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელმაც თბილისის გენერალური გეგმა მიიღო. ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვინც არ დაუშვებს სკვერებსა და პარკებში მშენებლობების განხორციელებას. ამის უამრავი მაგალითი გვქონდა. იყო ბევრი ისეთი ნებართვა გაცემული, რომელიც არ უნდა გაცემულიყო. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ დავუშვათ. დარწმუნებული ვარ, ვიქტორ წილოსანი ამ გამოწვევაში მოწოდების სიმაღლეზე იქნება და ერთიანი ძალისხმევით, ქალაქის სწორ ურბანულ განვითარებას მოვახერხებთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ვიქტორ წილოსანი აქამდე თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის პოსტზე მის წინამორბედს, როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, გიორგი ებანოიძე მუშაობას „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს კახა კალაძემ მისი მოადგილის თანამდებობაზე ანდრია ბასილაია წარადგინა.


