კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ მამაკაცს, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან გაწერეს, COVID-19 კვლავ დაუდასტურდა
19/05/2020 15:43:45 საზოგადოება
ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ მამაკაცს, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან გაწერეს, COVID-19 კვლავ დაუდასტურდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე აცხადებს, პაციენტი ორი კვირის წინ მკურნალობდა საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით, მკურნალობის შემდეგ მას ტესტის შედეგად, ვირუსი აღარ აღმოაჩნდა, რის შემდეგაც კლინიკიდან გაწერეს და ორკვირიან თვითიზოლაციაში გაუშვეს. საიზოლაციო პერიოდში პაციენტს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა, რის შემდეგაც კლინიკაში შემოწმდა და ვირუსი კვლავ აღმოაჩნდა.
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი საჩხერელია და მოგზაურობის ისტორია აქვს. საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ცნობისთვის: საქართველოში ყველა გამოჯანმრთელებული პაციენტი, მას შემდეგ რაც 2 ტესტი უარყოფითი ექნება, პირდაპირ საზოგადოებაში არ ბრუნდება და ისევ გადადის 2-კვირიან თვითიზოლაციაში.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 702-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 456 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


