ივანე ჩხაიძე: „COVID-19–თან დაკავშირებით სიტუაციის განვითარების სამი შესაძლო სცენარი განიხილება“
19/05/2020 10:02:54 საზოგადოება
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, დღეს არ არსებობს არც ერთი წყარო, რომელიც კორონავირუსის მეორე და მესამე ტალღის შესაძლებლობას უარყოფს. ამდენად, მისი თქმით, სიტუაციის განვითარების სამი შესაძლო სცენარი განიხილება:
„პირველი სცენარია ის, რომ ახლანდელი ტალღა არის ყველაზე მაღალი და შემდეგ მომდევნო 18-24 თვის განმავლობაში, საშუალოდ ორწლიან პერიოდს ეხება, როცა ჩვენ ვაფიქსირებთ ახალი კორონავირუსის არსებობას მსოფლიოს ყველა ქვწყანაში. ეს არის ის პერიოდი, რომელიც განიხილება როგორც შესაძლო პერიოდი, როცა ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ჩვენს ქვეყნებში ვირუსის არსებობისთვის.
ყველაზე კარგი სცენარია ის, რომ ეს იყო ყველაზე მაღალი ტალღა და შემდეგი თვეების, ანუ მეორე ტალღის პერიოდში, რომელიც შემოდგომა-ზამთარს უკავშირდება, იქნება ნაკლები ინფიცირება. მეორე სცენარით, მეორე ტალღა შესაძლოა იყოს გაცილებით უფრო ძლიერი, ვიდრე პირველი.
ამის უკანდ დგას 2009-2010 წლის პანდემია, გრიპის H1N1-ით გამოწვეული პანდემია. როდესაც იყო მეორე ტალღა, პირველი ტალღის დროს გრიპით გარდაიცვალა 33 ადამიანი და მეორე წელს თითქმის ორჯერ მეტი. ასე რომ, მეორე ტალღის ალბათობა ასევე რეალურია.
მესამე სცენარია ის, რომ ორი წლის განმავლობაში იქნება კორონავირუსი, ოღონდ გაცილებით ნაკლები ინტენსივობით და შესაძლებელია, რამდენიმე მატება იყოს დაფიქსირებული. ეს გამოცდილება ეფუძნება 1918 წლის ე.წ. ესპანური ვირუსის მაგალითს. ეს ვირუსი გაგრძელდა 1918, 1919 და 1920 წლებში და მაშინაც აღინიშნა რამდენიმე ტალღა. მეორე, ახალი ვირუსის საფუძველს, რომელიც ჩვენ ყველას გვახსოვს. ეს არის 2009 -2010 წლის H1N1-ის პანდემია, რომელიც ასევე გაგრძელდა ტალღების სახით და არ დამთავრებულა პირველ წელს“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ და დასძინა, რომ ვირუსის მეორე ტალღისთვის მზად უნდა ვიყოთ:
„ყველა უნდა ველოდოთ მეორე–მესამე ტალღის გაგრძელებას და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ზაფხულში ვირუსის შემთხვევების შემცირება არ ნიშნავს, რომ ვირუსი აღარ დაბრუნდება. ვირუსი აუცილებლად დაბრუნდება. რამდენიმე თვე – ივნისი, ივლისი, აგვისტო და სექტემბერი შედარებით მშვიდი იქნება. ესაა ის პერიოდი, როცა რესპირაციული ვირუსული ინფექციები არ არის. მაგრამ ნოემბრიდან ალბათ უნდა ველოდოთ ამ შემთხვევების კიდევ უფრო მატებას“.
მისივე თქმით, რაც მეტი ადამიანი გაიკეთებს გრიპის ვაქცინას, მძიმე შემთხვევების რისკი ნაკლები იქნება.
როგორც ექიმი აღნიშნავს, ვაქცინაციისთვის იდეალური პერიოდი ნოემბრის დასაწყისია:
„მოლოდინია, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს, რომ გრიპთან ერთად კორონავირუსის არსებობა იქნება დამღუპველი, რაც უფრო მეტი ადამიანი გაიკეთებს გრიპის საწინააღმდეგი ვაქცინაციას, მძიმე და გართულებული შემთხვევების ნაკლები რისკი იქნება“.
რაც შეეხება სკოლებს, ჩხაიძის განმარტებით, ნოემბრიდან შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით პროგნოზი თუ გამართლდა, მაშინ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეჩერების საჭიროება კვლავ დადგება:
„ყველაფერი ეს დამოკიდებულია იმაზე, შემთხვევები რამდენი იქნება და რა სიძლიერის იქნება მეორე ტალღა“,- დასძინა ივანე ჩხაიძემ.


