რუსეთი და მისი გავლენა ევროკავშირში პანდემიის ეპოქაში

18-05-2020 19:18:04 ინტერვიუ

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის 100-ზე მეტმა მედიკოსმა მოუწოდა სოცქსელების ადმინისტრაციებს, მიიღონ ქმედითი ზომები კორონავირუსის პანდემიისა და სხვა დაავადებების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად. ღია მიმართვის სრული ტექსტი განთავსებულია გლობალური საზოგადოებრივი ორგანიზაცია Avaaz-ის ონლაინ-პლატფორმაზე.

"ჩვენი ამოცანაა, ადამიანთა უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. თუმცა ამჟამად საქმე გვაქვს არა მარტო COVID-19-ის პანდემიასთან, არამედ მსოფლიო “ინფოდემიასთანაც”: დეზინფორმაცია, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანთა სიცოცხლეებს მთელს მსოფლიოში. სოცქსელების ალგორითმები იქმნება ონლაინ-მომხმარებლის შესაკავებლად და არა მისი ჯანმრთელობის დასაცავად და ამას სოციალური კეთილდღეობის გაუარესებისკენ მივყავართ" – ნათქვამია ღია წერილში.

მასში განიხილება კორონავირუსის პენდემიის შესახებ დეზინფორმაციის რამდენი მაგალითიც: “კოკაინი კორონავირუსს სპობს”; "COVID-19 ჩინეთის ან აშშ-ის მიერ ბიოლოგიურ იარაღად შეიქმნა, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე თავად ვირუსი" და სხვა.

ეს ბოლო მტკიცება, როგორც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპული ფასეულობების” პროგრამის “Kremlin Watch” ხელმძღვანელი ვერონიკა ვიხოვა ყვება, მას არაერთგზის შეჰხვედრია იმ გამოცემების სტატიებში, რომლებიც პრორუსულ ან პროჩინურ ნარატივებს ავრცელებენ. პროგრამის კვლევების თანახმად, სოცქსელებში გავრცელებადი მანიპულატიური ინფორმაციის ნაწილთან კავშირი აქვს იმ რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებებსაც, რომლებსაც ევროკავშირის რიგ ქვეყნებში ბიუროები და საიტები გააჩნიათ.

- ჩეხურ ინტერნეტ-სივრცეში, მაგალითად, უამრავი საიტი გვხვდება, ცნობილი იმით, რომ დეზინფორმაციას ავრცელებს და, რაღა თქმა უნდა, ისინი ამ საქმიანობას არც პანდემიის პერიოდში წყვეტენ. ცნობების უმრავლესობა ვირუსის წარმომავლობას ეხება. მათ შორის აღსანიშნავია ბრალდებები აშშ-ის ან საკუთრივ ამერიკელი სამხედროებისადმი იმაში, რომ ისინი ან გამიზნულად აინფიცირებენ გარშემომყოფთ, ან რომ ვირუსი შეიქმნა ბიოლოგიურ იარაღად ჩინეთთან ომის დასაწყებად.

დეზინფორმაციის მეორე ხშირი კატეგორია – ეს ევროკავშირის კრიტიკაა, თითქოს მას შექმნილ კრიზისთან ბრძოლა არ სურს, ან არასაკმარისად კომპეტენტურია პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად. და ეს ნარატივი დაკავშირებულია არა მარტო დეზინფორმაციასთან, არამედ კონსპიროლოგიურ თეორიებთანაც, მაგალითად, იმის შესახებ, თითქოს ევროკავშირი კორონავირუსს ევროპაში კიდევ უფრო მეტი ლტოლვილის შესაშვებად იყენებდეს. მარტში “სპუტნიკის” ჩეხურმა ბიურომ გამოაქვეყნა სტატია ბრიტანელი მეცნიერის მოსაზრებით, რომ კორონავირუსი დედამიწაზე კოსმოსიდან მეტეორიტის მეშვეობით მოხვდა და რომ იგი ჰაერით ვრცელდება...

რაც შეეხება ზოგადად დეზინფორმაციას, რომელიც რუსულ სახელმწიფო მედიაში როგორც ჩეხურ ენაზე, ისე ევროკავშირის სხვა ქვეყნებში სხვა ენებზე გამოქვეყნდა, იქ საუბარია დიდწილად ჩინეთის ნარატივების მხარდაჭერაზე, მაგალითად იმაზე, რომ ვირუსი ჩინეთში არ გაჩენილა, რომ ჩინეთს არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ვირუსი ასე სწრაფად გავრცელდა სხვა ქვეყნებში. კიდევ ერთი თავისებურება – მადლიერება ჩინეთის მიმართ ე,წ, ჰუმანიტარული დახმარებისთვის. არადა, იგი, ჯერ ერთი, უფასო არ ყოფილა და მეორეც – ხშირად დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად ჩნდებოდა.

– როგორ იყენებს რუსეთი მედიას დეზინფორმაციის გასავრცელებლად და რამდენად ფართოა მისი აუდიტორია ჩეხეთში?

– ჩეხეთში მოვითვალეთ დაახლოებით 40 საიტი. მათგან ერთადერთი, რომელსაც რუსეთთან უშუალო კავშირი აქვს, “სპუტნიკის” საინფორმაციო ბიუროა. დანარჩენები, მართალია, რუსეთთან ოფიციალური კავშირი არ აქვთ, მაგრამ აღვივებენ რუსულ ნარატივებს და ხშირად ან თავად მოჰყავთ, ან სხვებისგან იწერენ ოფიციალური რუსული არხების დეზინფორმაციას. ამ შემთხვევაში საუბარი არაა მეინსთრიმ-მედიაზე, თუმცა ზოგიერთი მათგანის აუდიტორია საკმაოდ დიდ ციფრებს აღწევს. მსგავსი მედიასაშუალებების უმრავლესობა აქტიურია სოცქსელებში, სადაც დეზინფორმაციის უდიდესი ნაწილი არა მარტო ოფიციალური საიტების და არხების მეშვეობით, არამედ სხვადასხვა დახურულ ჯგუფებშიც ვრცელდება. არის კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც მხოლოდ ჩეხეთს ეხება: მოქალაქეებს, უმთავრესად პენსიონერებს მასობრივად ეგზავნებათ სხვადასხვა სახის დეზინფორმაციული ელექტრონული წერილები. ზუსტად ვერ ვიტყვით, რამდენი ადამიანი იღებს მსგავს წერილებს, რადგან საუბარია კერძო მიმოწერაზე, თუმცა ჩვენი კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ეს რაიმე უმნიშვნელო, მარგინალური ჯგუფი არ არის.

– ბრძანებთ, რომ რუსული გავლენის ქვეშ მყოფი ზოგიერთი მსხვილი საიტების აუდიტორია რაოდენობრივად შეიძლება, მსხვილი ჩეხური გამოცემებისას შეედაროს… რამდენზეა საუბარი – ათეულებზე, ასეულებზე, ასობით ათასზე?

– მაგალითისთვის შემიძლია, მოვიყვანო საიტი, რომელიც აქვეყნებს ცალსახად მანიპულატიურ ცნობებს, არ აქვს სტანდარტული სარედაქციო პოლიტიკა და ადგილს უთმობს უამრავ დეზინფორმაციას. ეს არის გამოცემა “Parlamentní listy”. მისი აუდიტორია დაახლოებით იმხელაა, რამხელაც მსხვილი ჩეხური გამოცემა “Týden”-ის. ანუ, საუბარია ჩეხეთის ასობით ათას მოქალაქეზე.

რაც შეეხება მაგალითად “სპუტნიკს”, იგი იშვიათად წარმოადგენს მკითხველისთვის ინფორმაციის პირველად წყაროს, თუმცა სწორედაც რომ პირველწყაროა სხვა საიტებისა და ფეისბუქ-ჯგუფებისთვის. ამავდროულად, “სპუტნიკის” ბიურო ინფორმაციის ამგვარ წყაროდ ჩეხეთში მაშინვე არ ქცეულა – ეს დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა, მაშინ, როცა თავად ბიურო უკვე 2 წელია, არსებობს. ამ დროს “სპუტნიკმა” ბევრი არა მარტო საერთაშორისო სიახლის გამოქვეყნება დაიწყო, არამედ ცნობებისაც თავად ჩეხეთზე: გამოცემამ აიყვანა ადგილობრივი რეპორტიორების გუნდი, რომელიც ადგილზე მუშაობს და დაიწყო ცხოვრების სტილის შესახებ სტატიების, ასევე ბუკვალური ხასიათის ტექსტების გამოქვეყნება, რომლებიც მეტ მკითხველს იზიდავს, მაგალითად, სოცქსელებში.

– და ამგვარად იზიდავს მკითხველებს სხვა სტატიებისთვის?

– დიახ, სწორედ ასეა. ეს პრინციპში, საკმაოდ ცნობილი ხერხია სადეზინფორმაციო ცნობებისთვის მკითხველის მისაზიდად. როდესაც დეზინფორმაცია შედარებით უწყინარი შინაარსის პუბლიკაციებს ერევა, მსგავს საიტზე მოხვედრილი ადამიანი ხშირ შემთხვევაში ვერ აცნობიერებს, რომ ის ცნობა, რომელიც რუბრიკაში “ცხოვრების სტილი” გამოქვეყნებული პუბლიკაციის შემდეგ წაიკითხა, მანიპულატიური იყო.

– რამდენად ძლიერია მსგავსი მედიასაშუალებების გავლენა საზოგადოებაზე? ახერხებენ თუ არა ისინი ადამიანების აზრზე ზემოქმედებას?

– დეზინფორმატორებმა კარგად იციან საზოგადოების სუსტი წერტილებისა და იმ სენსიტიური თემების იდენტიფიცირება, რომლებიც საზოგადოებრივ აზრს ყოფს. სწორედ ამ თემებს ირჩევენ ისინი, სწორედ მათ აძლიერებენ და ამ გზით ზრდიან საზოგადოებაში განხეთქილებებს. მიზეზი, რის გამოც ეს ყველაფერი ესოდენ დიდი წარმატებით მუშაობს, მარტივია: ადამიანთა უმრავლესობა უფრო ადვილად იჯერებს იმას, რაც ადრე თავში უკვე მოსვლია, რაც გარკვეულწილად შეესაბამება მათ მსოფლმხედველობას და თუ საუბარია ამ ტიპის მკითხველზე, იგი არ ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას, უბრალოდ უსიტყვოდ იჯერებს წაკითხულს. დეზინფორმაციის მიზანი უპირველსად საინფორმაციო ველის მაქსიმალურად შევსებაა, ხშირ შემთხვევაში – ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციითაც, რაც ქაოსს, უნდობლობას, ეჭვებს წარმოშობს ჩეხეთის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ტრადიციული მედიის მიმართ.

– და ჩეხური მედია თუ ახდენს მსგავსი ინფორმაციების რევრაითინგს?

– ამ დროისთვის ეს, როგორც წესი, არ ხდება. ტრადიციულ ჩეხურ მედიას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი პრობლემები, თუმცა სხვა სახის. მსგავსი რამ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება. მაგალითად, იყო მსგავსი შემთხვევები მიგრაციული კრიზისის დროს, თუმცა ეს მაინც ცალკეული შემთხვევები იყო.

– ევროკავშირის სხვა ქვეყნებში რა ხდება ამ კუთხით, ჩეხეთთან შედარებით?

– როგორც წესი, დეზინფორმაციის გავრცელების მეთოდები ამა თუ იმ სამიზნე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული მსგავსებებიც. ამჟამად როგორც ვიშეგრადის ჯგუფის, ისე დასავლეთის ყველა ქვეყნებში კორონავირუსის თემა დომინანტურია. შესაბამისად, დაახლოებით ერთნაირია სადეზინფორმაციო არხებიც. ჩეხეთსა და სლოვაკეთში, მაგალითად, ენობრივი მსგავსების წყალობით დეზინფორმაცია ხშირად ერთი და იგივე არხებით ვრცელდება, იგივე საიტებია აქტიური ორივე ქვეყანაში. განსხვავებები თემებში შეიძლება, იყოს.

– გაიზარდა თუ არა სადეზინფორმაციო აქტივობა პანდემიის დაწყების შემდეგ?

– სადეზინფორმაციო საიტებზე კორონავირუსის თემაზე გამოქვეყნებული პუბლიკაციების რაოდენობა ძალიან დიდია. ამ თვალსაზრისით ცოტა სასაცილოა თავად დეზინფორმატორების მიერ ჩეხური მედიის კრიტიკა იმის გამო, რომ ის კორონავირუსს მეტისმეტად დიდ დროს უთმობს. ახლა ეს ზეწოლა ცოტა შესუსტდა იმ ფონზე, რომ ჩეხეთი და რუსეთი მარშალ კონევის ძეგლის გადატანისა და ჩვენი რეგიონული პოლიტიკოსების რიგი სხვა ქმედებების საკითხზე დავობენ. ეს თემა უფრო განხილვადი გახდა, ვიდრე კორონავირუსი.

– რატომ იყენებს რუსეთი ეპიდემიას დეზინფორმაციის გასავრცელებლად? ამჟამინდელი ვითარება მას საკუთარი ინტერესების გატარებაში ეხმარება?

– მე ეს ლოგიკურად მეჩვენება. რუსეთის საინფორმაციო არხები ისევე იყენებდნენ სამიგრაციო კრიზისს, როგორც ახლა – პანდემიას. კრიზისული ვითარება – ეს არის დრო, როცა ადამიანები განსაკუთრებით მოწყვლადები ხდებიან დეზინფორმაციის მიმართ. ისინი ეძებენ სიახლეებს და ამ დროს ბევრი ნეგატიური ემოცია აქვთ – შიში და შესაძლოა, გაბოროტებულობაც კი. ეს იდეალური დროა რუსეთისთვის, როცა შეუძლია საკუთარი ნარატივების გავრცელება. დეზინფორმაციის სამიზნე სახელმწიფოებს ხომ ბევრი პრობლემა აქვთ და კრიზისის გამო მათ მოგვარებას ვერ ასწრებენ.

– რატომ უჭერს რუსული სახელმწიფო მედია მხარს ჩინეთს?

– ჩვენი აზრით, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დეზინფორმაციის გავრცელებისას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის მორყევაა. ამ შემთხვევაში ოფიციალური ჩინური ნარატივი ამას დიდად უწყობს ხელს, რადგან ის ძირს უთხრის რწმენას დასავლური ქვეყნების გულწრფელობაში იმ პრობლემებთან მიმართებაში, რომლებიც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით გაჩნდა, ასევე ხაზს უსვამს ჩინური მიდგომის უპირატესობებს. კრემლს ეს თავის სარგებელს აძლევს.

– და ჩინეთსაც.

– დიახ, არასოდეს მინახავს, ჩინეთს ამისთვის წინააღმდეგობა გაეწიოს. ჩემი აზრით, პეკინს ეს ძალიანაც აწყობს, რადგან რუსეთისგან განსხვავებით, არ აქვს ამდენად მარტივი წვდომა დასავლეთის ქვეყნების მედიაგარემოზე და მკითხველთა იქაურ აუდიტორიაზე, მათ შორის – ენობრივი და კულტურული ბარიერის გამოც. რუსული მედიის პროდუქციის მუდმივი მომხმარებლები ხომ ევროკავშირში ცხოვრობენ და იმეორებენ რუსულ ნარატივებს, აგრძელებენ მათ გავრცელებას. ხოლო თუ ისინი ჩინური პროპაგანდის გავრცელებასაც ეხმარებიან, ნაკლებ სავარაუდოა, პეკინს ეს არ მოეწონოს.

– ევროკავშირის ინსტიტუტების კრიტიკა ევროპულ ქვეყნებში მომუშავე რუსულ მედიასაშუალებებში ადრეც ისმოდა. პანდემიის პერიოდი ამ მხრივ გამონაკლისად არ იქცა. ახლა რა სახის ბრალდებები ჟღერს?

– ერთის მხრივ, ეს არის ბრალდებები, რომ ევროკავშირი არაკომპეტენტურია, რომ ეპიდემიამ ევროპულ ქვეყნებს შორის ერთობას ძირი გამოუთხარა და ერთმანეთს აღარავინ ეხმარება, პრობლემების დაძლევაში სოლიდარობა გაქრა. ეს ხდებოდა პირველ ეტაპზე. მოგვიანებით ევროკავშირის კრიტიკა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა და გაჩნდა კონსპიროლოგიური თეორიები იმის შესახებ, რომ ევროკავშირი მოხარულიც კია იმის, რაც ხდება და ერთვარად სარგებლობს კიდეც სიტუაციით. მაგრამ რუსეთი უკვე დიდი ხანია, იღწვის საიმისოდ, რომ ევროკავშირის სოლიდარობა და ერთიანობა მოარყიოს. ნაწილობრივ ეს უკავშირდება სანქციებს, რომელიც მის წინააღმდეგ დაწესდა, ნაწილობრივ – სურვილს, ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები საკუთარი პრობლემებით დაკავდნენ და არ მიაქციონ სათანადო ყურადღება იმას, რა ხდება რუსეთში ან უკრაინაში, დიდად არ რეაგიებდნენ მოსკოვის აგრესიულ პოლიტიკაზე.

– თუმცა ზოგიერთი ჩეხი პოლიტიკოსებიც აკეთებენ განცხადებებს, “საკუთარი ძალებით, გარე დახმარების გარეშეც გავუმკლავდებითო”. ეს დეზინფორმაციის ზეგავლენის “წყალობით” ხდება, თუ შექმნილი ვითარების გამო?

– ჩემი აზრით, ეს ორივე ფაქტორის კომბინაციაა. ჩეხები ტრადიციული ევროსკეპტიკოსები არიან, ევროკავშირის მხარდაჭერა კი აქ ყოველთვის ნაკლები იყო, სხვა ქვეყნების უმრავლესობასთან შედარებით. ეს ერთ-ერთია იმ მიზეზთა შორის, რატომ ეყრდნობა დეზინფორმაცია ამ თემებს: დეზინფორმაცია არა წარმოშობს, არამედ აძლიერებს ევროსკეპტიციზმს.

ამასთან, თავისთავად ევროკავშირის ქმედებების კრიტიკა, რა თქმა უნდა, დეზინფორმაცია არ არის, მანიპულატიურად ჩვენ მივიჩნევთ მხოლოდ კონსპიროლოგიურ თეორიებსა და მტკიცებებს, რომ ბრიუსელი საერთოდ უმოქმედოა და არაფერს აკეთებს კორონავირუსთან საბრძოლველად. ეს უკვე სიცრუეა. ბრიუსელმა ევროკაშირის ცალკეული წევრების დასახმარებლად მნიშვნელოვანი სახსრები გამოყო, ცალკეული ქვეყნებიც ეხმარებიან ერთმანეთს. თორემ დახმარების გზების, სისწრაფის და ამ მხრივ არსებული ცალკეული მიდგომების კრიტიკა სრულიად კანონიერია.

– ბრძანებთ, რომ დეზინფორმირების მიზანს არ წარმოადგენს ადამიანთა ხედვის შეცვლა ამა თუ იმ მოვლენაზე და რომ ხშირად ადამიანებს უკვე აქვთ გარკვეული შეხედულებები, რომლებიც რეზონირებს ამა თუ იმ პუბლიკაციებთან. და მაინც, შეუძლია თუ არა კონკრეტული მსოფლმხედველობის ამ გზით განმტკიცების ფაქტს სამომავლოდ გავლენა მოახდინოს იგივე არჩევნებზე, პოლიტიკურ გარემოზე? რა წარმოადგენს, თქვენი აზრით, კრემლის სამომავლო მიზანს?

– არჩევნები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ნაწილია გრძელვადან პერსპექტივაში, რადგან დიდი ხნით ახდენს გავლენას ამა თუ იმ ქვეყნის მდგომარებაზე. თუმცა ჩვენი აზრით, საბოლოო ჯამში, კრემლის მიზანს იმის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რომ პუტინი და მასთან დაახლოებული ოლიგარქები მართვის სადავეებთან რაც შეიძლება, დიდხანს დარჩნენ. სწორედ ამიტომ სჭირდებათ მათ ინფორმაციით მანიპულირება და სხვა ქვეყნებში საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენა. იმან, რაც სადღეისოდ საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში ხდება, შეიძლება, გავლენა მოახდინოს რუსებზე, რომლებიც ხედავენ, რომ ქვეყნის მართვის სხვა ფორმებიც შეიძლება, წარმატებული იყოს. ამიტომაა აგრესიული რუსეთი ამ ქვეყნების მიმართ და იმისათვის, რომ ამ პოლიტიკის გაგრძელება მომავალშიც შეძლოს, აუცილებელია, დასავლეთმა ამას ნაკლები ყურადღება დაუთმოს და რაც შეიძლება, ტოლერანტული იყოს ამ აგრესიის მიმართ, დაკავებული იყოს საკუთარი პრობლემებით. აი, ამისთვისაა საჭირო რაც შეიძლება, მეტი დეზინფორმაცია.

წყარო: svoboda.org

ახალი ამბები