თბილისში მოკლული ვიტალი საფაროვი ჰააგაში გიგანტური მურალის გმირად იქცა
15/05/2020 20:19:04 საზოგადოება
თბილისის ცენტრში მოკლული უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი ჰააგაში «ცვლილებების მურალის» (Mural of Change) ერთ-ერთ გმირად იქცა.
გიგანტურ – 15-მეტრიან გრაფიტიზე გამოსახულები არიან ადამიანები, რომლებიც ეკოლოგიისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში შთაგონებად იქცნენ.
უფლებადამცველი ორგანიზაცია “Justice and Peace Netherlands”-ის მიერ მუნიციპალური ხელისუფლების მხარდაჭერით შექმნილ მურალიზე გამოსახულები არიან ასევე 17 წლის შვედი აქტივისტი და გარემოს დამცველი გრეტა ტუნბერგი და ჰონდურასელი აქტივისტი, აბორიგენი ხალხების უფლებათა დამცველი, აწ გარდაცვლილი ბერტა კასერესი.
“ჩართულობისა და განვითარების” ცენტრის უფლებადამცველი, 25 წლის ვიტალი საფაროვი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ტოლერანტობის განმტკიცებაზე, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე მიმართულ პროექტებში, 2018 წლის სექტებერში თბილისის ცენტრში მოკლეს. ორ ბრალდებულს 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა ოჯახისა და კოლეგების მოსაზრება, რომ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - რასისტული, რელიგიური, ნაციონალისტური ან ეთნიკური შუღლის ნიადაგზე იყო ჩადენილი.


