აშშ–ის კანონმდებლები სახელმწიფო მდივანს მოუწოდებენ, დაიცვან საქართველოში ამერიკული ბიზნესები და შეისწავლონ ივანიშვილის კავშირები რუსეთთან და ირანთან

16-05-2020 00:09:23 საგარეო პოლიტიკა

აშშ–ის კანონმდებლები ქვეყნის სახელმწიფო მდივანს მოუწოდებენ, დაიცვან საქართველოში ამერიკული ბიზნესები და შეისწავლონ "ივანიშვილის კავშირები რუსეთთან და ირანთან".

სენატორებმა ტედ კრუზმა და ჯონ კორნინმა, ასევე, კონგრესმენებმა ჯოდი არინგტონმა და მარკვეინ მალინმა შესაბამისი წერილით სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინს მიმართეს.

"მოგმართავთ წერილით, რომელშიც გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოში მმართველობის გაუარესებისა და სავარაუდოდ, უკანონო ფინანსური საქმიანობის გამო. ჩვენ განსაკუთრებით ვართ შეშფოთებულები საქართველოს კავშირებით ამერიკის მტრებთან. [...] კარგი მმართველობის გაუარესება ძირს უთხრის ამერიკული კომპანიების უნარს, საქმიანობა აწარმოონ საქართველოში. ბოლო პერიოდში ამერიკული ენერგოკომპანია „ფრონტერა“ მკაცრი რეგულაციებისა და შეზღუდვების სამიზნე გახდა და იგი ამჟამად საქართველოს ხელისუფლების მიერ შესაძლო ექსპროპრიაციის საფრთხის წინაშე დგას. 2019 წელს სხვა ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“ ანალოგიური გზით მოაშორეს კონსორციუმს, რომელიც ანაკლიაში საპორტო ნაგებობების აშენებას გეგმავდა, აღნიშნულის შემდეგ პროექტი შეჩერებულია. ეს შეფერხებები და გართულებები პირდაპირ არის დაკავშირებული გეოპოლიტიკურ ინტერესებთან. "ფრონტერას" საქმიანობა მიმართული იყო იმისკენ, რომ საქართველო ენერგოდამოუკიდებელი გამხდარიყო, ანაკლიის პორტი კი საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებდა.

მოკლედ რომ გითხრათ, კანონიერ ბიზნესს გაძევებისკენ უბიძგეს, მისი ადგილი კი უკანონო ვაჭრობამ დაიკავა. ქართული ბიზნესები და ფინანსური სისტემა, უკვე წლებია, გვერდს უვლის ამერიკულ სანქციებს ირანთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების თანახმად, ბათუმის პორტი კვლავ გახდა ირანული ნავთობის უკანონო საქმიანობის სამიზნე.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ: „ქართული ოცნების" მთავრობას მიმართული აქვს ძალისხმევა, შეამციროს ამერიკული ბიზნესის კანონიერი საქმიანობა, რომელიც საქართველოს ეკონომიკასა და მომავალში დებს ინვესტიციას. ნებისმიერი ასეთი ქმედება მოტივირებულია გეოპოლიტიკური მიზნებით, მათ შორის გავრცელებული ინფორმაციით, რომ ბიძინა ივანიშვილს კავშირები აქვს რუსეთის მთავრობასთან. პორტის პროექტიდან ამერიკული კომპანიების გაძევება მიზნად ისახავს, რომ არ შემცირდეს რუსეთის გავლენა საქართველოზე. არსებობს ხარვეზები ამერიკული სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი, პორტების კონტექსტში".

საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია კავკასიაში და ნატო–ს მნიშვნელოვანი მოკავშირე. სამხედრო კუთხით, ქართველები გვეხმარებიან ავღანეთის მისიაში. გეოგრაფიულად ქვეყანა კრიტიკულად მნიშვნელოვან წერტილზეა განლაგებული კასპიის ზღვიდან აღმოსავლეთ ევროპისკენ ვაჭრობის კუთხით. ძლიერი აშშ-საქართველოს პარტნიორობა არის აუცილებელი ამერიკული ინტერესებისთვის, რაც თავის მხრივ მოითხოვს იმას, რომ საქართველოს კარგ მმართველობას დაუბრუნდეს. ჩახლართული გეოსტრატეგიული და საქმიანი ინტერესები მოითხოვს ფართო რეაგირებას ფედერალური მთავრობისაგან და, როგორც ყოველთვის, ჩვენ მზად ვართ, მოგაწოდოთ ის რესურსები, რომლებიც გჭირდებათ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად", – ნათქვამია წერილში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები