მინისტრი გამარტავს, ბოლნისის მაგალითზე უნდა ველოდოთ თუ არა გაუქმებული შეზღუდვების აღდგენას
14/05/2020 18:37:49 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს პიკი არ ჰქონია და ქვეყანა კოვიდინფექციის გავრცელების რეჟიმში რჩება, როგორც მთელი მსოფლიო.
შეკითხვაზე, ბოლნისის დღევანდელი შემთხვევებიდან გამომდინარე, იყო თუ არა ნაჩქარევი შეზღუდვების გარკვეული ნაწილის მოხსნა და მოსალოდნელია თუ არა უკვე გაუქმებული ზოგიერთი შეზღუდვის თავიდან ამოქმედება, ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებები ეპიდემიოლოგიურ კვლევაზე იყო დამყარებული და შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები სრულიად გამართლებული იყო, დღევანდელი მაჩვენებელი კი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა და აქედან გამომდინარე, ერთგვაროვნად ვერ ვიმსჯელებთ, რომ დღევანდელი თხუთმეტი შემთხვევა შეიძლება, ძალიან სარისკოდ ჩაითვალოს.
„ეს უბრალოდ, კვლავ გვიჩვენებს, რომ ბოლნისის რაიონში ჯაჭვი გაწყვეტილი არ არის და ის უფრო მეტად ღრმა კვლევას საჭიროებს“, – განაცხადა ტიკარაძემ პრველი არხის ეთერში.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული რეგიონი მინიმუმ, ორი კვირის განმავლობაში მაინც ითვლებოდეს კოვიდინფექციისგან თავისუფალ რეგიონად და თუ ბოლნისში შემდეგ დღეებში ათი და მეტი პაციენტის რაოდენობა დაფიქსირდა, რეგიონში ღონისძიებები გამკაცრდება.
ცნობისთვის: ბოლნისში დღის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსის 15 შემთხვევა დაფიქსირდა, რეგიონში მოქალაქეების კვლევა გრძელდება.


