ენმ – ხელისუფლებას: "კეთილი ინებეთ და 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს 1000 ლარით, ყველა ბავშვს კი 500 ლარით დაეხმარეთ"
14/05/2020 08:41:33 საზოგადოება
"ნაციონალურმა მოძრაობამ" სოციალურ-ეკონომიკური სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თქმით, შექმნილ კრიზისულ ვითარებაში აუცილებელია განხორციელდეს სწრაფი მხარდაჭერის გეგმა, რაც შემდეგს ითვალისწინებს: ყველა მოქალაქეს 18 წლის ზემოთ მიეცეს 1000 ლარი, გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლთაც შემოსავალი აქვთ 40 000 ლარი და ზემოთ. ასევე ყველა ბავშვს უნდა გაეწიოს დახმარება 500 ლარის ოდენობით.
"ეს არის ერთადერთი გამოსავალი. მოსახლეობის 50% ისედაც ვალით შეხვდა ამ კრიზისს. ამიტომ კეთილი ინებეთ ხელისუფლებავ, ეს არის მისხალ-მისხალ დათვლილი, თუ როგორ უნდა გავუმართოთ ხელი საკუთარ ხალხს. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, დატოვეთ ის სამუშაო ოთახები და გამოდით სანამ დროა. თქვენი ერთადერთი ამოცანაა, რომ ამ ხალხს დაეხმაროთ, თუ ვერ ეხმარებით დაეხმარება სხვა", - განაცხადა ნიკა მელიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 652 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 383 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


