"ვირუსი რომ მიგვეშვა, გვექნებოდა 100–ჯერ კი არა 200–ჯერ მეტი ფატალური შემთხვევა, ვიდრე დღეს ფიქსირდება"
13/05/2020 15:48:51 საზოგადოება
"ვირუსი რომ მიგვეშვა, გვექნებოდა 100–ჯერ კი არა 200–ჯერ მეტი ფატალური შემთხვევა, ვიდრე დღეს ფიქსირდება", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
"განიხილება როგორც ე.წ კომენდანტის საათის დროის შემცირების, ასევე მისი გაუქმების საკითხი და იქნება მიღებული გადაწყვეტილება. მაგრამ აქ მსურს, ერთი რამ დავამატო. ყველა ჩვენი რეკომენდაცია და შესაბამისად, სახელმწიფოს რეგულაციები არ იყო, რა თქმა უნდა, ცალკეული მოქალაქეების კომფორტის გასაუმჯობესებლად. აქ საუბარი იყო საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენაზე. აქ საკითხი ასე იდგა. ჩვენ ხომ ვერ ვაქცევდით საქართველოს ექსპერიმენტულ ველად და მერე დაგვეთვალა, რა მოხდებოდა ქვეყანაში?! გააკეთა ეს რიგმა ქვეყნებმა. ახსენებენ შვედეთს, მაგრამ შემდეგ რატომღაც აღარ ამბობენ შვედეთის მონაცემების შედარებას მის მეზობელ ქვეყნებთან. ჩვენთვის მთავარი იყო ინფექციის გავრცელების შეჩერება, როდესაც მსოფლიოში არ არსებობს არაფერი სპეციფიური, შედეგ უნდა დავლოდებოდით რა მოხდებოდა სხვა ქვეყნებში, რომ იმათ მაგალითზე მერე ჩვენ მომზადებული დავხვედროდით ამას. ამიტომ იყო ეს შეზღუდვები. როცა ამბობენ, რომ "ამდენი ადამიანი გარდაიცვალა და ამის გულისთვის გააჩერეს ქვეყანაო?" ეს ქვეყანა რომ არ ყოფილიყო ასეთი შეზღუდვების პირობებში, გამოქვეყნებულია რა იყო მოსალოდნელი ამ ქვეყენაში ჩვეულებრივად რომ მიგვეშვა ამის გავრცელება. გვექნებოდა რაც გვაქვს ფატალური შემთხვევები იმაზე 100–ჯერ კი არა 200–ჯერ მეტი. ეს არის რეალობა, რომელიც გამოქვეყნებულია და ახლა დაავიწყდა ყველას ეს რიცხვები. ამიტომ ნელ–ნელა ყველაფერი გაიხსნება, მაგრამ ეს მოხდება სიფრთხილის ფონზე", – განაცხადა იმნაძემ.


