ჟურნალისტი სოლიდარობის გამო სამსახურიდან გაუშვეს: „ტელევიზიაში განუკითხაობაა!“
12/05/2020 09:59:37 საზოგადოება
აჭარის მაუწყებლის თანამშრომელი, "ჰეშთეგის" ერთ-ერთ წამყვანი და მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი აცხადებს, რომ დირექტორმა სამსახურიდან "ფეისბუ"–პოსტის გამო გაათავისუფლა. სტატუსი თეონა თურმანიძის ეთერიდან მოხსნას ეხებოდა.
რეხვიაშვილის შეფასებით, ეს არა მხოლოდ შრომით საქმიანობაში ჩარევა, არამედ კრიტიკული განწყობის გამო, მენეჯმენტის მხრიდან დევნაა.
მალხაზ რეხვიაშვილი დავას სასამართლოში აპირებს და ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში საერთასორისო სასამართლოებსაც მიმართავს.
„ტელევიზიაში განუკითხაობაა! მაუწყებლის თანამშრომელი გაუშვა სხვა თანამშრომლის სოლიდარობის გამო, წარმოუდგენელი სიბეცეა. თუმცა, რომ გითხრათ, გაკვირვებული ვარ დირექტორის ამ გადაწყვეტილებით, მოგატყუებთ, იმიტომ, რომ დიდი ხანია, მაუწყებლის მენეჯმენტს ლოგიკური ჩარჩო აღარ აქვს. ვაპირებ, ბრძოლა სასამართლოსა და პროკურატურაში გავაგრძელო. რაც გუშინ ჩემთან მიმართებაში მოხდა, ეს არ არის მხოლოდ შრომითი დავა, ეს არის მათ შორის სისხლის სამართლის შესაძლო დარღვევა და ყველა სამართლებრივ მეთოდს გამოვიყენებ. იმიტომ რომ ადამიანი „ფეისბუკზე“ სოლიდარობის გამო სამსახურიდან გაუშვა და ეს შეაფასო როგორც მაუწყებლის დისკრედიტაცია ეს არის წარმოუდგენელი. ამასთანავე როდესაც საუბარი არის პროფესიული კავშირის საქმიანობაზე ეს არის პროფკავშირების საქმიანობისთვის ხელის შეშლაც. თუ ვასილ მაღლაფერიძეს გაუვიდა და გიორგი კოხრეიძეს გაუვიდა, მერე რომ მოვა ვიღაც ივან ივანოვი იმასაც გაუვა - ეგ დაუსჯელობის სინდრომი აღარ უნდა არსებობდეს და შემდგომ რომ მოვა დირექტორი იმან კარგად უნდა იცოდეს, რომ ასე თუ მოიქცევა დაისჯება ისე, როგორც დაისაჯა გიორგი კოხრეიძე“,-განაცხადა „ფორმულასთან“ რეხვიაშვილმა.
მაუწყებლის მენეჯმენტი კი გათავისუფლებულ თანამშრომელს ტელევიზიის დისკრედიტაციაში სდებს ბრალს.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მაუწყებელში კრიტიკული აზრის დევნის, ალტერნატიული პროფესიული კავშირის დასუსტებისა და მაუწყებლის დამოუკიდებლობის ნგრევის პროცესის გაგრძელებად აფასებს.
ორგანიზაციის განცხადებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრძანება პროფესიული კავშირის თავმჯდომარის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კრიტიკას ვერ უძლებს და არა მხოლოდ შრომითი კანონმდებლობის უხეში დარღვევით არის მიღებული, არამედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევისა და პროფესიული კავშირების წევრთა დევნისა და შევიწროების თვალსაჩინო და საშიში ილუსტრაციაა.
EMC მალხაზ რეხვიაშვილის ინტერესების დაცვის მიზნით უახლოეს პერიოდში მიმართავს სასამართლოს, ისევე, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით და უწყებებში მიმდინარე საქმისწარმოების თაობაზე საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გოგა კოხრეიძემ მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებული საჯარო „პოსტის“ გამო მიიღო. „რეხვიაშვილი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის რეპორტიორისა და ალტერნატიული პროფესიული კავშირის აქტიური წევრის თეონა თურმანიძის წინააღმდეგ დირექტორის მიერ უსამართლო და უსაფუძვლო დისციპლინურ დევნას გამოეხმაურა. თეონა თურმანიძე მაუწყებლის დირექტორმა ასევე სოციალურ ქსელში განთავსებული საჯარო პოსტის გამო ტელეეთერს ჩამოაშორა და მალხაზ რეხვიაშვილმა, თეონა თურმანიძესთან ერთად გამოთქვა მოსაზრება, რომ თეონა თურმანიძის დისციპლინური დევნა დირექტორის იმ ბრძანების საფუძველზე მოხდა, რომელიც მაუწყებლის თანამშრომლების ქცევის ახალ წესებს ადგენს და გამოხატვის თავისუფლების თვითნებურ და არაპროპორციულ შეზღუდვებს აწესებს“, - ნათქვამია განცხადებაში


