"The Culturetrip" პანდემიის დასრულების შემდეგ მკითხველს თბილისში მოგზაურობას ურჩევს
12/05/2020 09:14:18 საზოგადოება
პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი "The Culturetrip" კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ მკითხველს თბილისსა და ევროპის 6 ქალაქში მოგზაურობას ურჩევს.
სტატიაში სათაურით „Travel After Coronavirus: The Lesser-Known European Cities To Visit“ ჟურნალისტი ჟოზეფინ პლატი გოტენბერგთან, ბელგრადთან, ტირანასთან, გდანსკსთან და კორბოდასთან ერთად საქართველოს დედაქალაქს აღწერს.
"თბილისს უნიკალური გეოგრაფიული და კულტურული მდებარეობა აქვს. კულტურა ამ ქალაქის ისტორიასთან და პროგრესივიზმთან ერთად არის გადაკვეთილი. თბილისი გამოირჩევა საბჭოთა, მოდერნისტული შენობებით, ეკლესიებით და შუასაუკუნოვანი ციხე-სიმაგრეებით. ეს არის ინოვაციის ქალაქი, რომელშიც შერწყმულია ხელოვნებისა და მოდის სცენები. ამ უკანასკნელმა ბოლო წლებში გავლენა მოახდინა გლობალურ მოდაზე. თბილისით მრავალი დიზაინერი და მყიდველი დაინტერესდა", – წერს გამოცემა.
სტატიის ავტორი მკითხველს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერიის და საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმის დათვალიერებას, ასევე გოგირდის აბანოების სტუმრობას და კერძებიდან კი ხაჭაპურის დაგემოვნებას ურჩევს.
სამოგზაურო ჟურნალს "The Culturetrip" ყოველთვიურად მსოფლიოში დაახლოებით 20 მლნ მკითხველი ჰყავს.


