მორიგი დაპირების მიუხედავად, ინფექციური საავადმყოფოს ბედი კვლავ გაურკვეველია
11/05/2020 09:38:45 პოლიტიკა, საზოგადოება
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის განცხადებით, ცენტრისთვისახალი შენობის გადაცემის თაობაზე განცხადებები ათი წელია, კეთდება, თუმცა უშედეგოდ: მათ არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ არც შენობასთან და არც იჯარასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე და „ვერც ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისგან ახერხებენ რაიმეს გაგებას, რაც ძალიან ცუდია“.
„როგორც ცნობილია, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ტერიტორია და შენობა-ნაგებობები 2009 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიყიდა შპს „ავერსი-ფარმას“ იმ პირობით, რომ ცენტრს ახალი ფართი და შენობა ექნებოდა, მაგრამ ეს არ გაკეთდა და დღემდე ცენტრი რჩება ძველ ტერიტორიაზე, 2009 წლამდე დაკავებული შენობა-ნაგებობების ნაწილში (მეორე ნაწილი შპს „ავერსი-ფარმამ“ წაიღო), რომელიც 2019 წლის 1 ივლისამდე იჯარით ჰქონდა აღებული და საქმიანობა უწევს უმძიმეს, გაუსაძლის პირობებში.
ა.წ. 8 მაისს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბ-ნმა გიორგი წოწოკალურმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის შესარჩევად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ ისევ არაა ცნობილი ახალი აშენდება, თუ უკვე არსებული რომელიმე შენობა შეირჩევა. მსგავსი განცხადებები მეათე წელია კეთდება, მაგრამ უშედეგოდ.
სამწუხაროდ, ჩვენ არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არა გვაქვს არც შენობასთან დაკავშირებით და არც იჯარასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე და ვერც ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისგან ვახერხებთ რაიმეს გაგებას, რაც ძალიან ცუდია“ , - ნათქვამია ინფექციური საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
შეგახსენებთ, რომ ტერიტორია, სადაც ამჟამად ინფექციური საავადმყოფო ფუნქციონირებს, 2012 წლიდან გასხვისებულია. სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, საავადმყოფოს ფუნქციონირება სხვა ტერიტორიაზე უზრუნველეყო, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ინფექციებთან ბრძოლა არაერთხელ გამოცხადდა ჯანდაცვის სფეროს მთავარ მიმართულებად, პრობლემა წლების განმავლობაში არ მოგვარებულა. ახალი ტიპის კორონავირუსის პირობებში საკითხი აქტუალური ისევ გახდა და ინფექციონისტებმა კვლავ მიიღეს დაპირება შენობის მიღების თაობაზე. მაშინ ითქვა, რომ შენობაც შერჩეულია.
„ახლა გვაქვს უკვე მიღებული კატეგორიული გარანტია პრემიერ-მინისტრისგან. მათ შესანიშნავად ესმით, ჩვენ ვინ ვართ, ჩვენი საჭიროება ქვეყნისთვის. დაგვპირდა, რომ სახელმწიფო უმოკლეს ვადებში დიღომში ინოვაციების შენობას შეიძენს და გადმოგვცემს. 11 სართულიანი, კარგი შენობაა“, - განაცხადა 2 მარტს თენგიზ ცერცვაძემ.


