მედდას მისი დაინფიცირების წყაროს შესახებ ხელმძღვანელობისგან განსხვავებული ვერსია აქვს
11/05/2020 07:55:23 საზოგადოება
ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელი ციცინო ცეცხლაძე აცხადებს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირდა.
„მე ქობულეთში სასწრაფოს დახმარების თანამშრომელი ვარ. პაციენტები რომ გადმოვიყვანე, დავინფიცირდი. სმენა რომ დავამთავრე, მეხუთე დღეს მომცა სიცხე. მაშინვე მივედი ინფექციურში.
ყველაფერი გვქონდა [დაცვის საშუალებები], მაგრამ საიდან, არ ვიცი. არავის ჰქონდა [ახალი კორონავირუსი] ჩემს გარდა. პაციენტთან მქონდა შეხება – მანქანაში მეჯდა უკან. ეტყობა, დაუფიქრებლად სათვალე შევისწორე, ან რამე მსგავსი“,– უყვება „ტვ პირველს“ მედდა.
აჭარის სასწრაფი სამედიცინო დახმარების სამსახურში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ინფიცირების წყარო იდენტიფიცირებული არაა, თუმცა ერთ–ერთ ვერსიად ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გახდის შედეგად დაინფიცირდა განიხილება:
„პაციენტთან მას მხოლოდ ერთ შემთხვევაში ჰქონდა შეხება და იმ დროს სრულად ეკიპირებული იყო“.
ცნობისთვის: სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ თალაკვაძემ 10 მაისს განაცხადა, რომ სასწრაფო დახმარების არც ერთი თანამშრომელი კორონავირუსით სამუშაო ადგილზე არ დაინფიცირებულა.


